პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე ნიკოლოზ სამხარაძე, ბუნდესტაგის
ევროპის კომიტეტის აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებზე მომხსენებელს იოჰანეს შრაპსს და ბუნდესტაგის სოციალ-დემოკრატიული პარტიის ევროკავშირზე მომხსენებელს კრისტიან პეტრის შეხვდა.
ორმხრივ შეხვედრაზე მხარეებმა საქართველო-გერმანიის თანამშრომლობის გაღრმავების მნიშვნელობაზე ისაუბრეს. საუბარი ასევე შეეხო საქართველოში არსებულ შიდა პოლიტიკურ ვითარებას.
ნიკოლოზ სამხარაძის განცხადებით, გერმანელი კოლეგები მიესალმნენ რომ ქვეყანაში პოლიტიკური კრიზისი დაძლეულია. შეხვედრაზე აღინიშნა, რომ საქართველოს ევროკავშირის ინტეგრაციის პროცესში ექნება მხარდაჭერა.
„გერმანული მხარე აღიარებს, რომ საქართველო არის მოწინავე ქვეყანა აღმოსავლეთ პარტნიორობაში და შესაბამისად, ჩვენ ვიმსახურებთ უფრო მეტ დაახლოვებას ევროკავშირთან და ამ მხრივ, ორივე დეპუტატმა აღგვითქვა, რომ გერმანიის სოციალ-დემოკრატიული პარტია გააგრძელებს საქართველოს მხარდაჭერას" - განაცადა ნიკოლოზ სამხარაძემ.
საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარემ გერმანელ კოლეგებს წლების განმავლობაში საქართველოს მიმართ გაწეული დახმარებისა და მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა.