საარჩევნო ბლოკ „ბიძინა ივანიშვილი-ქართული ოცნების“ ლიდერი ბიძინა ივანიშვილი აცხადებს, რომ საქართველოს პრეზიდენტმა
მიხეილ სააკაშვილმა ქვეყანაში წამება და ქართველი კაცის გაუპატიურება მოიტანა - ამის შესახებ ბიძინა ივანიშვილმა ზუგდიდში „ქართული ოცნების“ აქციაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.
მისი თქმით, ყველამ ნახა და გაიგო რა ხდება საქართველოს ციხეებში.
ივანიშვილის განცხადებით, თავზარდამცემია კადრები თუ როგორ აწამებე და აუპატიურებენ უსუსურ პატიმრებს - ბიჭებს და კაცებს.
მისივე თქმით, ადამიანის ღირსება ფეხქვეშაა გათელილი. ეს კი, მთელი ერის შეურაცხყოფაა.
„ამათ უნდათ მთელი საქართველო ასეთად აქციონ. მომხრეები ამის შემდეგ კიდევ მოუძებნიან გამართლებას სააკაშვილს და მის ხელისუფლებას? სინათლე აგვინთო, გზები დაგვიგო და დასავლეთისკენ გაგვიღო კარიო რომ ამბობდნენ სააკაშვილის მომხრეები, ხომ ნახეს, სინათლე და გზები კი არა, სააკაშვილმა წამება და ქართველი კაცის გაუპატიურება მოიტანა“ - განაცხადა ივანიშვილმა.
მისივე თქმით, იმედია, ახლა მაინც დაინახავს დემოკრატიული დასავლეთი თუ რას წარმოადგენს მიხეილ სააკაშვილი.

















