ძალიან ვაფასებთ საქართველოსა და აზერბაიჯანს შორის ურთიერთობებს. ასევე, თქვენი
პრემიერ-მინისტრის დანიშვნიდან მოკლე დროში აზერბაიჯანში ჩამოსვლას ჩვენ მაღალ შეფასებას ვაძლევთ და მიგვაჩნია, რომ ეს არის საქართველოს მთავრობის დამოკიდებულება ამ ურთიერთობებისადმი. ვსარგებლობ შემთხვევით და გილოცავთ საქართველოს პრემიერ-მინისტრად დანიშვნას. გისურვებთ წარმატებებს საქართველოს კიდევ უფრო განვითარების საქმეში, - ამის შესახებ აზერბაიჯანის რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრმა ალი ასადოვმა საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილთან შეხვედრისას განაცხადა.
მისივე თქმით, საქართველოს მთავრობის მეთაურის აზერბაიჯანში ვიზიტი დიდ როლს ითამაშებს ორმხრივი ურთიერთობების კიდევ უფრო მეტად განვითარების მიმართულებით.
„საქართველოსა და აზერბაიჯანს შორის ყოველთვის არსებობდა მეგობრული და კეთილმეზობლური ურთიერთობები. დამოუკიდებლობის მოპოვების შემდეგ, ეს ურთიერთობები უკვე სტრატეგიული პარტნიორობის დონეზე ავიდა. განსაკუთრებული მნიშვნელობა ენიჭება ჩვენს ქვეყნებს შორის კავშირების განვითარებაში ჩვენს ეთნიკურ წარმომადგენლებს, ანუ საქართველოში მცხოვრებ აზერბაიჯანელებსა და აზერბაიჯანში მცხოვრებ ქართველებს. მათ დიდი წვლილი შეაქვთ ქვეყნებს შორის ურთიერთობებში და განსაკუთრებით მინდა, აღვნიშნო თქვენი პოზიცია ამასთან დაკავშირებით. არა მარტო ორ ქვეყანას შორის, ასევე რეგიონული ურთიერთობები და განვითარება, ასევე ევროპასთან ურთიერთობაში დიდი მნიშვნელობა ენიჭება ჩვენს მიერ ორმხრივად რეალიზებულ პროექტებს. გასულ წელს სამხრეთის გაზის კორიდორის შემადგენელი ნაწილის პროექტის TAP-ის რეალიზებით, შაჰდენიზიდან გაზის ევროპაში მიწოდებით, ჩვენ კიდევ ერთი წარმატებული ნაბიჯი გადავდგით. განსაკუთრებით მინდა აღვნიშნო, რომ 2014 წლის 20 სექტემბერს თქვენი მონაწილეობით გაიხსნა ეს პროექტი. ჩვენ დიდ მნიშვნელობას ვანიჭებთ საქართველოსთან ურთიერთობებს, ერთობლივ პროექტებს, ორმხრივ ურთიერთობებს პოლიტიკურ, ეკონომიკურ, სავაჭრო, კულტურულ და ჰუმანიტარულ სფეროებში. ჩვენ გვაქვს თანამშრომლობის განვითარების დიდი პოტენციალი, ვგულისხმობ სხვადასხვა სფეროებს, ესენია - კომუნიკაციები, სოფლის მეურნეობა, განათლება, მეცნიერება, ჯანდაცვა და სხვადასხვა დარგები. კიდევ ერთხელ მოგესალმებით, დარწმუნებული ვარ, თქვენი ვიზიტი კიდევ უფრო დიდ როლს ითამაშებს ჩვენი ორმხრივი ურთიერთობების კიდევ უფრო განვითარების საქმეში,"- აღნიშნა ალი ასადოვმა.