ორივე მხრიდან არის ნება, იმისა, რომ ეს საკითხი რაც შეიძლება სწრაფად მოგვარდეს, ისე,
როგორც შეეფერება ჩვენს სტრატეგიულ პარტნიორობას, ისე, რომ არ დაზიანდეს არც ქართული მხარის და არც აზერბაიჯანული მხარის ინტერესი, - ამის შესახებ საგარეო საქმეთა მინისტრმა დავით ზალკალიანმა, აზერბაიჯანის რესპუბლიკაში ოფიციალური ვიზიტისას განაცხადა, სადაც ის პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილთან ერთად იმყოფებოდა.
მისი თქმით, შეხვედრებზე აღნიშნულ საკითხთან მიმართებაში გამოითქვა მზაობა მისი უსწრაფესად მოგვარების შესახებ და მხარეები შეთანხმდნენ ამ მიმართულებით კონკრეტული ნაბიჯების გადასადგმელად.
„ვისაუბრეთ ისეთ სენსიტიურ თემაზე, რაც დაკავშირებულია საზღვრის დემარკაცია-დელიმიტაციის საკითხთან. მინდა კმაყოფილებით აღვნიშნო, რომ უმაღლეს დონეზე შეხვედრის დროს გამოითქვა ორივე მხრიდან მზაობა და ნება, იმისა, რომ ეს საკითხი რაც შეიძლება სწრაფად მოგვარდეს, ისე, როგორ შეეფერება ჩვენს სტრატეგიულ პარტნიორობას და ჩვენს ინტერესებს, ისე, რომ არ დაზიანდეს არც ქართული და არც აზერბაიჯანული მხარის ინტერესი. ამის თქმის საფუძველს მაძლევს სწორედ დღეს გამართული შეხვედრები, სადაც კიდევ ერთხელ იქნა აღნიშნული, რომ საკითხები უსწრაფესად უნდა მოგვარდეს და ამისთვის მომავალში გადაიდგმება კონკრეტული ნაბიჯები. აზერბაიჯანელ კოლეგასთან რა თქმა უნდა მქონდა ამაზე საუბარი. პანდემიამ შეაფერხა დემარკაცია-დელიმიტაციის კომისიის საქმიანობა, თუმცა მზაობა არის, რომ რაც შეიძლება სწრაფად განახლდეს კომისიის მუშაობა და იმ პრობლემურ თემებზე, რომელიც საზოგადოებას კარგად მოეხსენება, იყოს მიღებული რაც შეიძლება სწრაფად გადაწყვეტილება. რა თქმა უნდა ასევე ვისაუბრეთ მრავალმხრივ ფორმატებში თანამშრომლობაზე, ჩვენ მხარს ვუჭერთ ერთმანეთს საერთაშორისო ორგანიზაციების ფარგლებში, ვთანამშრომლობთ ისეთი ორგანიზაციის ფორმატში, როგორიც არის სუამი, სადაც წელს საქართველო არის თავმჯდომარე ქვეყანა და ბუნებრივია ამ ორგანიზაციის ფარგლებშიც არის მნიშვნელოვანი პროექტები, რომლის გამოყენებაც იქნება ხელსაყრელი, როგორც ორმხრივ კონტექსტში ისე მრავალმხრივ კონტექსტში და ყველა ამ ორგანიზაციის წევრი ქვეყნისთვის. რომ შევაჯამოთ, ძალიან სასარგებლო, ნაყოფიერი და რაც მთავარია უარესად დროული ვიზიტი იყო. განხილული თემები და სულისკვეთება, რომელიც იყო ამ მოლაპარაკების პროცესში განსაკუთრებით უმაღლესი თანამდებობის პირების დონეზე, პრემიერ-მინისტრსა და პრეზიდენტს შორის, მე მაძლევს იმის თქმის საფუძველს, რომ ჩვენი თანამშრომლობა კიდევ უფრო გაღრმავდება მომავალში და ეს სტრატეგიული პარტნიორობა თვისობრივად კიდევ ახალ იმპულსს შეიძენს", - განაცხადა დავით ზალკალიანმა.