„ქრისტიან-დემოკრატიული მოძრაობის“ ლიდერების გიორგი თარგამაძის და გიორგი ახვლედიანის ქუთაისის მოსახლეობასთან შეხვედრის
მთავარი თემა პატიმართა წამების ფაქტები და მათი უფლებების უხეში დარღვევა იყო.
მოძრაობის ლიდერის თქმით, პატიმართა უფლებების დამრღვევი პირები სამაგალითოდ უნდა დაისაჯონ და მათი სისხლის სამართლის პასუხისმგებლობის საკითხი დაუყოვნებლივ უნდა დადგეს.
გიორგი თარგამაძის განცხადებით, გლდანის მერვე საპყრობილეში განვითარებული მოვლენები პატიმრების უფლებების უხეში დარღვევის კუთხით პირველი შემთხვევა არაა, რადგან არსებობს ეჭვი, რომ მსგავსი სახის ძალადობა და პატიმრების უფლებების უხეში დარღვევა ქუთაისის მე-2 საპყრობილესა და გეგუთის კოლონიაშიც ხორციელდებოდა.
შეხვედრის დროს ქუთაისელმა იურისტებმა და ადვოკატთა ჯგუფმა გიორგი თარგამაძეს და გიორგი ახვლედიანს ინიციატივით მიმართეს. კერძოდ, იურისტებმა და ადვოკატებმა მზადყოფნა გამოთქვეს უსასყიდლოდ მოემსახურონ პატიმრების ოჯახის წევრებს, გაუწიონ კონსულტაციები და პატიმართა მდგომარეობის შესახებ ციხიდან ობიექტური ინფორმაცია გამოიტანონ.

















