რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო საქართველოს კონტროლირებად ტერიტორიაზე რუსული ვერტმფრენის დაშვების მიზეზად ნავიგაციის გაუმართაობას ასახელებს.
როგორც რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაშია ნათქვამი, აღნიშნული ქმედება იძულებითი ნაბიჯი იყო, რადგან ვერტმფრენის სანავიგაციო აღჭურვილობას პრობლემა შეექმნა.
„ვერტმფრენს ცხინვალში ჰუმანიტარული ტვირთი გადაჰქონდა, თუმცა, ფრენისას სანავიგაციო აღჭურვილობის პრობლემის გამო ეკიპაჟი ქართულ მხარეზე, კერძოდ, ცხინვალიდან მოშორებით დაეშვა“ - ნათქვამია განცხადებაში.
რუსეთის საგარეო უწყება განცხადებაში ასევე განმარტავს, რომ თვითმფრინავის დასმა აღნიშნულ ტერიტორიაზე შეცდომით მოხდა.
განცხადების თანახმად, შეცდომის აღმოჩენის შემდეგ, ისინი სამხრეთ ოსეთის ტერიტორიაზე დაბრუნდნენ.
საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, გუშინ რუსეთის სამხედრო ძალების ვერტმფრენი ცხინვალის რეგიონის მახლობლად, საქართველოს ხელისუფლების მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე დაეშვა.
საქართველოს დიპლომატიური უწყება მკაცრ პროტესტს გამოთქვამს მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით და მოუწოდებს რუსეთის ფედერაციას სასწრაფოდ შეწყვიტოს შეიარაღების გადასროლა და ძალების კონცენტრირება ოკუპირებულ რეგიონებში.

















