კოალიციაში „ჩვენი უფლებებისათვის“ შემავალი უფლებადამცველი ორგანიზაციები მედიაკავშირ „ობიექტივის“ ხელმძღვანელ ირმა ინაშვილს სოლიდარობას უცხადებენ.
როგორც „ჩვენი უფლებებისათვის“ თანათავმჯდომარე დავით ლილუაშვილი აცხადებს, უფლებადამცველები იმ მტკიცებულებების გასაჯაროებას, რომლებიც პენიტენციურ სისტემაში არსებულ შუა საუკუნეობრივ ინკვიზიური სისტემის ჩამოყალიბებას ადასტურებს, სამოქალაქო გმირობის ტოლფას ქმედებად აფასებენ.
„იმის ნაცვლად, რომ პროკურატურამ ხელისუფლების მაღალჩინოსნები დააპატიმროს, ინაშვილის წინააღმდეგ აკეთებს განცხადებას. როგორც მასმედიის საშუალებებით გახდა ცნობილი, ირმა ინაშვილს ამჟამად, ხელთ არავითარი მაკომპრომიტირებელი ვიდეომასალა არ გააჩნია, აქედან გამომდინარე, პროკურატურამ ინაშვილზე ზეწოლა და რეჟიმის პოლიტიკური დაკვეთების შესრულება უნდა შეწყვიტოს“ - აცხადებს ლილუაშვილი.
კოალიციის თანათავმჯდომარე ირმა ინაშვილის მხარდასაჭერად უფლებადამცველებს და ჟურნალისტებს საკუთარი პოზიციის დაფიქსირებისკენ მოუწოდებს.
როგორც ირმა ინაშვილმა რამდენიმე დღის წინ ვიდეომიმართვაში განაცხადა, პატიმართა წამების ამსახველი ვიდეომასალა მან, როგორც ჟურნალისტმა მოიპოვა. გავრცელებული ინფორმაციით, ინაშვილს ვიდეოკადრები ვანო მერაბიშვილის სახელით ერთ-ერთმა ახალგაზრდამ გადასცა.
საქართველოს პროკურატურამ კი გუშინ გავრცელებული განცხადებით ყველა პირს, ვისაც მსგავსი ვიდეოჩანაწერები გააჩნია, მტკიცებულების სახით მათი დაუყოვნებლივ პროკურატურაში წარდგენა მოსთხოვა.

















