„ეროვნულ-დემოკრატიული პარტიის“ ქვემო ქართლის ორგანიზაციამ რუსთავში აქცია სახელწოდებით - „სამართლიანი ხელისუფლება, არა ძალადობას!“ გამართა.
როგორც „ნიუსპრესს“ ედპ-დან აცნობეს, რუსთავის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატმა გოჩა ცეკვაშვილმა და პარტიის აქტივისტებმა მოსახლეობას ედპ-ს სააგიტაციო ბუკლეტები დაურიგეს.
გოჩა ცეკვაშვილის განცხადებით, ედპ ყველა იმ პატიმრის მიმართ, რომლებიც ძალადობის მსხვერპლი აღმოჩნდა, სოლიდარობას გამოხატავს.
„ყოველთვის ხაზს ვუსვამდით, რომ ჩვენს ქვეყანაში მთავარი პრობლემა უსამართლობაა. ქართველი ხალხი შეიძლება შეეგუოს და გაუძლოს სოციალურ გაჭირვებას, მაგრამ არასოდეს შეეგუება ძალადობას და ღირსების შელახვას“ - განაცხადა ცეკვაშვილმა.
მისი თქმით, ედპ-მ აქციით - „სამართლიანი ხელისუფლება, არა ძალადობას!“ მოქალაქეების სამართლიანი პროტესტის მიმართ თანადგომა გამოხატა.
„ეროვნულ-დემოკრატები“ მსგავსი ტიპის აქციებს საქართველოს ყველა დიდ ქალაქში გამართავენ.

















