"თავდაცვის ძალების წარმატებული განვითარება წარმოუდგენელია მჭიდრო საერთაშორისო
თანამშრომლობის გარეშე, რომელიც ჩვენი ქვეყნის თავდაცვისუნარიანობის ერთ-ერთ მთავარ საფუძველს წარმოადგენს" - ამის შესახებ, საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა, საქართველოს თავდაცვის ძალების დაარსების 30 წლის იუბილისადმი მიძღვნილ საზეიმო ღონისძიებაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.
მთავრობის მეთაურის თქმით, დღეს, საქართველოსა და ნატოს შორის ურთიერთობა, ასევე ჩვენს მთავარ სტრატეგიულ პარტნიორთან, ამერიკის შეერთებულ შტატებთან თანამშრომლობა უმაღლეს ისტორიულ ნიშნულზეა და არასდროს ყოფილა ასეთი ძლიერი.
„ეს პარტნიორობა ეფუძნება საერთო დემოკრატიულ ღირებულებებს და წარმოადგენს ჩვენი ქვეყნის დემოკრატიული განვითარების, თავდაცვის ძალების ინსტიტუციური აღმშენებლობისა და ევროატლანტიკური ინტეგრაციის უმნიშვნელოვანეს წინაპირობას. მე მინდა მივესალმო ბატონ მარშალს, ნატოს სამხედრო კომიტეტის თავმჯომარეს, რომელიც ჩვენთან ერთად ესწრება თავდაცვის ძალების 30 წლის იუბილეს და მადლობა გადავუხადო მას მხარდაჭერისა და მჭიდრო თანამშრომლობისთვის", - აღნიშნა პრემიერ-მინისტრმა.