არასასამთავრობო ორგანიზაციათა კოალიცია „ჩვენი უფლებებისთვის“ ახალგაზრდების დაპატიმრებას აპროტესტებს.
როგორც ორგანიზაციის თანათავმჯდომარე მაია ხარაძის განცხადებაშია აღნიშნული, გუშინ ხელისუფლების დავალებით, პოლიციამ თბილისსა და რუსთავში ახალგაზრდები დააკავა, ხოლო სასამართლომ მათ ადმინისტრაციული პატიმრობა შეუფარდა.
„ავტორიტარულმა რეჟიმმა არჩევნების წინ პოლიტიკურად აქტიური ახალგაზრდების განეიტრალება და მათზე ანგარიშსწორება მოახდინა. თუ საზოგადოება, აღნიშნულთან დაკავშირებით ადეკვატურ პროტესტს არ გამოხატავს, მაშინ დაპატიმრებების ტენდენცია გაგრძელდება“ - აცხადებს მაია ხარაძე.
მისივე თქმით, უფლებადამცველები ახალგაზრდების დაპატიმრების ფაქტს აპროტესტებენ და სამოქალაქო საზოგადოებას ერთიანი, აქტიური პროტესტით, საქართველოს პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის რეჟიმის მიერ დაწყებული რეპრესიების შეჩერებისკენ მოუწოდებენ.
კოალიციის წარმომადგენლები დღეს 17:00 საათზე ფილარმონიასთან დაგეგმილ აქციას შეუერთდებიან და პატიმართა მიმართ სოლიდარობას კვლავ გამოხატავენ. ასევე, ახალგაზრდების დაპატიმრებასთან დაკავშირებით პროტესტს დააფიქსირებენ.
იუსტიციის სახლის მიმართულებით საპროტესტო მსვლელობის დროს გუშინ დაკავებულ ოთხ პირს, სასამართლომ ადმინისტრაციული პატიმრობა შეუფარდა. კერძოდ, ლაშა მესხიასა და დავით ფაცაციას 40-დღიანი, შოთა ბაზერაშვილსა და კონსტანტინე ლაბარტყავას კი 20-დღიანი ადმინისტრაციული პატიმრობა შეეფარდათ.
აღნიშნული პირები თბილისის საპატრულო პოლიციამ ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ჩადენისთვის ბრალდებით დააკავა. მათ ბრალად პოლიციელის კანონიერი მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობა ედებათ. როგორც შსს-ს განცხადებაშია აღნიშნული, ლაშა მესხია და დავით ფაცაცია, რომლებიც „BMW"-ს მარკის ავტომობილით გადაადგილდებოდნენ, საპატრულო პოლიციამ მტკვრის მარჯვენა სანაპიროზე, იუსტიციის სახლის მიმდებარე ტერიტორიაზე დააკავა. ისინი პოლიციის კანონიერ მოთხოვნას არ დაემორჩილნენ და სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენეს სამართალდამცავებს.
შსს-ს ინფორმაციით, ანალოგიური ბრალდებით არიან დაკავებულები შოთა აზერაშვილი და კონსტანტინე ლაბარტყავა. ისინი Chevrole-ს მარკის ავტომანქანით წურწუმიას ქუჩაზე გადაადგილდებოდნენ, როცა საპატრულო პოლიციის კანონიერ მოთხოვნას არ დაემორჩილნენ.

















