ცუდია, როდესაც ქვეყანაში სახალხო დამცველი არ არის და ციხეში მონიტორინგი ვერ ხორციელდება, მაგრამ არც ისეთი სახალხო დამცველია კარგი,
რომლის მონიტორინგი ხელისუფლების ინტერესში ჯდება და მისი უკანონო ქმედებების „გამპრავებელია“ - ამის შესახებ „ნისუპრესს“ არასამთავრობო ორგანიზაცია „ყოფილი პოლიტპატიმრები ადამიანის უფლებებისთვის“ ხელმძღვანელმა ნანა კაკაბაძემ პენიტენციალურ სისტემაში მიმდინარე მოვლენების შეფასებისას განუცხადა.
„ჩვენს ქვეყანაში ბოლო სახალხო დამცველი სწორედ ამას ემსახურებოდა. ამდენად, იქნება თუ არ ის აღნიშნულ აპარატში, დიდი ვერაფერი დანაკლისია“-აღნიშნა კაკაბაძემ.
უფლებადამცველი აცხადებს, რომ ტუღუშის მუშაობის შედეგი ბოლო დროინდელმა მოვლენებმა აჩვენა.
„ციხეში რომ რეალური მონიტორინგი ყოფილიყო და სახალხო დამცველს ჰქონოდა ინტერესი - დარღვევებზე ემუშავა და აღმოეჩინა, ეს ყველაფერი არ მოხდებოდა“-განაცხადა კაკაბაძემ.
მისივე თქმით, ომბუდსმენი თავისი ანგარიშებითა და რეკომენდაციებით მხოლოდ მოვალეობას იხდიდა.
„ერთი მხრივ, ეს საერთაშორისო ორგანიზაციების დასანახად იყო საჭირო, რადგან ომბუდსმენი მხოლოდ ბიუჯეტით არ სარგებლობდა, მას საერთაშორისო დაფინანსებაც ჰქონდა. გარდა ამისა, ის ხელისუფლებას იმიჯსაც უქმნიდა, ვითომდა საქართველოში დემოკრატიაა, არსებობს სახალხო დამცველი და დარღვევებზე საუბრობს“-განაცხადა მან და დასძინა, რომ ტუღუშის რეკომენდაციები რეალურად არა დარღვევების აღმოჩენას, არამედ მათ დაფარვას ემსახურებოდა.
კაკაბაძე მიიჩნევს, რომ სასჯელაღსრულების მინისტრის პოსტზე ტუღუშის ფუნქცია კვლავაც ხელისუფლების საქციელის გამართლებაა.
„ხელისუფლებამ დღეს ვითომ გაიოცა, ეს რა ხდებაო, ვითომ მოხსნა საჯელაღსრულების ე.წ. მინისტრი, რომელიც არც არასოდეს ყოფილა მინისტრი, რადგან იქ პროცესებს ყოველთვის ახალაია მართავდა და უწყების ხელმძღვანელად ომბუდსმენი დანიშნა“ - განაცხადა მან და დასძინა, რომ ტუღუშმა ამ ხელისუფლების სამსახურში ჩადგომით მათი პასუხისმგებლობა გაინაწილა.

















