„ქრისტიან-დემოკრატიული მოძრაობის“ მიერ ამოქმედებულ ცხელ ხაზზე ერთი დღის მონაცემებით, 120 ზარი შევიდა.
როგორც დღეს მოძრაობის კრწანისის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატმა ზაზა გაბუნიამ საკრებულოში გამართულ პრესკონფერენციაზე აღნიშნა, ზარები პატიმრებისა ახლობლებისა და თავად პატიმრებისგან შედის.
მისი თქმით, 25 შემთხვევა განსაკუთრებით ყურადსაღებია, რადგან ერთ-ერთ შემთხვევაში, ქსნის მე-15 დაწესებულებიდან პატიმარი პეტრე ოვანოვი ერთი თვის წინ საკნიდან გაიყვანეს და მას შემდეგ აღარავის უნახავს. მისივე თქმით, აღნიშნული ფაქტი დადასტურებულია.
გაბუნიას განცხადებით, ამავე 25 ფაქტიდან, რამდენიმე შემთხვევა პატიმართა ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესებას ეხება. მათ შორის არიან წამების მსხვერპლნი და უგზო-უკვლოდ დაკარგულები, თუმცა, აღნიშნული ინფორმაცია ჯერ არ დასტურდება.
„დანარჩენ დაკარგულებზე ეჭვის საფუძველი არსებობს და დადასტურებული არაა. პატიმრებს C ჰეპატიტი, ტუბერკულიოზი და სხვა მძიმე დაავადებები აღენიშნებათ. 120-ვე მონაცემს, მათ სახელებსა და გვარებს დღეს სასჯელაღსრულების ახალ მინისტრს გადავცემ და რეაგირებას მოვთხოვ“ - განაცხადა გაბუნიამ.
მისივე თქმით, ცხელ ხაზზე ქსნის მე-15 დაწესებულებიდან პატიმრებმა დარეკეს, რომლებიც აცხადებენ, რომ ბოლო დღეების განმავლობაში სიტუაცია მშვიდია, რადიოსა და ტელევიზიაზე ხელი მიუწვდებათ, თუმცა, ადმინისტრაციასთან მთელი რიგი მოთხოვნები აქვთ.
გაბუნიას განცხადებით, ცხელ ხაზზე ქსნის დაწესებულების გარდა, ინფორმაცია გლდანის, რუსთავის, გეგუთისა და ბათუმის საპატიმროებში განთავსებული პატიმრების შესახებაც შევიდა.

















