რუსეთში ჩატარებული საპრეზიდენტო არჩევნების შედეგები პოლიტოლოგ რამაზ საყვარელიძის შეფასებით, მოულოდნელი არ იყო.
"ის შედეგი, რომელიც დაფიქსირდა, ალბათ, არავისთვის იყო ახალი, თუმცა, მეტ-ნაკლებად მოულოდნელი აღმოჩნდა შედარებით დაბალი პროცენტი, რომელიც პუტინმა მიიღო," - აღნიშნა საყვარელიძემ.
როგორც საინფორმაციო სააგენტო "ნიუსპრესთან" საუბრისას საყვარელიძემ აღნიშნა, მისთვის მოულოდნელი იყო დამწყები პოლიტიკოსის პროხოროვის შედარებით მაღალი რეიტინგი.
"ქართველებისთვის ყველაზე უსიამოვნო ფაქტი იყო ე.წ სამხრეთ ოსეთში მიღებული მაღალი პროცენტი, სადაც რუსეთის მოქალაქეებმა მიიღეს მონაწილეობა," – აღნიშნა საყვარელიძემ.
მისი თქმით, ძნელი სათქმელია, როგორ განვითარდება მოვლენები საქართველოსა და რუსეთს შორის, რადგან ინერცია ამ ურთიერთობას მხოლოდ ნეგატიური აქვს.
"პუტინისგან კაცი კარგს არაფერს უნდა ელოდოს, მაგრამ მაინც რთულია ცალსახად პროგნოზირება, რადგან მიუხედავად იმისა, უყვარს თუ არა პუტინს საქართველო, ქართული თემა რუსეთისთვის სხვადასხვა მაღალი რანგის შეხვედრაზე, მაინც არასასიამოვნო განხილვის საგანი ხდება. პუტინს დასავლეთი ხშირად საყვედურობს 2008 წლის ომის გამო, ამისგან გათავისუფლებისთვის კი, შეიძლება ურთიერთობების გადაკვეთის ძიების პროცესი დაიწყოს", - განაცხადა რამაზ საყვარელიძემ.
რუსეთში საპრეზიდენტო არჩევნები 4 მარტს გაიმართა. მასში 63.81%-ით ვლადიმერ პუტინი იმარჯვებს. ოფიციალური მონაცემებით, ვლადიმერ პუტინს არჩევნებზე 44,9 მილიონზე მეტმა ადამიანმა მისცა ხმა. ამ დროისთვის, დათვლილია საარჩევნო ბიულეტენების 99.07%.
გენადი ზიუგანოვმა მიიღო - 17,19%, ვლადიმერ ჟირინოვსკიმ – 6,23 %, მიხეილ პროხოროვმა - 7,78%, ხოლო სერგეი მირონოვმა 3,84% მიიღეს.

















