საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი მთავრობის წევრებთან ერთად, სამების
საკათედრო ტაძარში ოკუპირებული აფხაზეთის ტერიტორიიდან გადმოსვენებული 13 პირის სამოქალაქო პანაშვიდს დაესწრო. პრემიერ-მინისტრმა დაღუპულთა ხსოვნას პატივი მიაგო და ოჯახის წევრებს მიუსამძიმრა.
აფხაზეთის შეიარაღებული მოქმედებების დროს უგზო-უკვლოდ დაკარგული 13 პირის იდენტიფიცირება და ცენტრალური ხელისუფლების მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე გადმოსვენება მოხდა. იდენტიფიცირებულია 6 სამხედრო პირის და 7 მშვიდობიანი მოქალაქის ნეშტი.
უგზო-უკვლოდ დაკარგულთა ნეშტები ორმხრივი, ქართულ-აფხაზური საკოორდინაციო მექანიზმის ფარგლებში, შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის აპარატისა და წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტის ერთობლივი ძალისხმევით მოიძიეს.