დღევანდელი ვიზიტი არის კიდევ ერთი თვალსაჩინო დადასტურება, რამდენად მნიშვნელოვანია
საქართველო და მისი წარმატება ევროკავშირისთვის, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა, ევროპული საბჭოს პრეზიდენტ შარლ მიშელთან ერთობლივ პრესკონფერენციაზე განაცხადა, რომელიც მთავრობის ადმინისტრაციაში გაიმართა.
პრემიერმა მთავრობისა და მმართველი პოლიტიკური გუნდის სახელით, მადლობა გადაუხადა შარლ მიშელს იმ ძალისხმევისთვის, რომელიც მან კონკრეტული შედეგის მისაღწევად გასწია.
„მოხარული ვარ, რომ დღეს საქართველოში კიდევ ერთხელ, - ძალზე მოკლე პერიოდში, ვმასპინძლობთ ევროპული საბჭოს პრეზიდენტს შარლ მიშელს.
ჩვენ მადლიერები ვართ პრეზიდენტ მიშელის პირადი ჩართულობის. მისი დღევანდელი ვიზიტი არის კიდევ ერთი თვალსაჩინო დადასტურება, თუ რამდენად მნიშვნელოვანია საქართველო და მისი წარმატება ევროკავშირისთვის.
პრეზიდენტ მიშელ, თქვენ პირველად, ამ დარბაზში განაცხადეთ თქვენი ინიციატივის შესახებ. ეს მოხდა პირველ მარტს, რომელიც უკავშირდებოდა ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის მედიაციას, თქვენი უშუალო ჩართულობით, თქვენი პირადი წარმომადგენელის ჩართულობით. სწორდ ერთი თვის და 20 დღის შემდეგ მე ვარ ბედნიერი და ამაყი, რომ შედეგი სახეზეა. შეთანხმება შედგა და შეიძლება ითქვას, რომ ხელოვნურად შექმნილი კრიზისი საქართველოში დასრულებულია. თქვენ ამისთვის გულწრფელ მადლობას იმსახურებთ. მე მინდა, ჩვენი მთავრობის სახელით, ჩვენი პოლიტიკური გუნდის სახელით, მადლობა გადაგიხადოთ იმ დიდი ძალისხმევისთვის, რომელიც თქვენ გასწიეთ ამ კონკრეტული შედეგის მისაღწევად. თქვენ დაამტკიცეთ, რომ ხართ ნამდვილი ლიდერი, შეგიძლიათ ევროკავშირის ეგიდით წარმატებული მედიაციის და მოლაპარაკების წარმოება კონკრეტული შედეგით დასრულებით.
ჩვენ ერთად შევქმენით წარმატებული მაგალითი, პრეცენდენტი ევროკავშირის, ასევე ამერიკის შეერთებული შტატების ჩართულობით, საქართველოსთან ერთად. პოლიტიკური კრიზისი, რომელიც ხელოვნურად იყო შექმნილი, ამოწურულია.
ასევე მინდა გამოვიყენო ეს შესაძლებლობა და მადლობა გადავუხადო თქვენს წარმომადგენელს, ბატონ კრისტიან დანიელსონს, რომელიც თქვენი უშუალო მანდატით, თქვენი დავალებით იყო მოვლენილი საქართველოში. მან დიდი სამუშაო გასწია და იმუშავა ძალიან მჭიდროდ ჩვენს პარტიასთან, ასევე პოლიტიკურ პარტიებთან, ოპოზიციასთან.
უაღრესად მნიშვნელოვანია რომ ეს შეთანხმება შედგა; დღევანდელი დღით საქართველომ გაიმარჯვა. ეს არის წინ გადადგმული ნაბიჯი. ეს არის ნაბიჯი, რომელიც ხელს შეუწყობს საზოგადოების კონსოლიდაციას და იმ მთავარ გამოწვევებთან გამკლავებას, რომელიც დღეს ჩვენი ქვეყნის და ხალხის წინაშე დგას", - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.