საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარეს არჩილ თალაკვაძესა და უკრაინის ვერხოვნა
რადას თავმჯდომარეს დმიტრო რაზუმკოვს შორის სატელეფონო საუბარი შედგა.
არჩილ თალაკვაძემ ხაზი გაუსვა საქართველოსა და უკრაინის სტრატეგიულ პარტნიორობასა და განსაკუთრებულ მეგობრობას. მან გამოხატა ღრმა შეშფოთება რუსეთის მიერ უკრაინასა და მის საზღვრებთან განხორციელებული მილიტარიზაციის გამო, რაც უკრაინის ტერიტორიულ მთლიანობას, უსაფრთხოებასა და სტაბილურობას ხელყოფს.
არჩილ თალკვაძის შეფასებით, რუსეთის მიერ უკრაინასა და მის საზღვრებთან განხორციელებული ქმედებები იმეორებს 2008 წლის სცენარს, როდესაც რუსეთმა საქართველოს ოკუპაციისთვის გამოიყენა სამხედრო წვრთნების მიზნით მობილიზებული სამხედროები.
არჩილ თალაკვაძემ აღნიშნა, რომ ამჟამინდელი ესკალაცია საფრთხეს წარმოადგენს არა მხოლოდ უკრაინისთვის, არამედ მთლიანად ევროპისთვის. ამიტომ საქართველო იყენებს ყველა პლატფორმას, რათა მოუწოდოს საერთაშორისო საზოგადოებას, მნიშვნელოვანი მხარდაჭერა გაუწიონ უკრაინას და შეაჩერონ რუსეთის დესტრუქციული და აგრესიული პოლიტიკა.
არჩილ თალაკვაძემ გამოხატა საქართველოს მტკიცე და ურყევი მხარდაჭერა უკრაინის ტერიტორიული მთლიანობისა და მშვიდობიანი განვითარების უფლების მიმართ.