საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, დღეს რუსეთის სამხედრო ძალების ვერტმფრენი ცხინვალის რეგიონის მახლობლად, საქართველოს ხელისუფლების მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე დაეშვა.
საქართველოს დიპლომატიური უწყება მკაცრ პროტესტს გამოთქვამს მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით და მოუწოდებს რუსეთის ფედერაციას სასწრაფოდ შეწყვიტოს შეიარაღების გადასროლა და ძალების კონცენტრირება ოკუპირებულ რეგიონებში.
„შემთხვევითი არ არის მსხვილმასშტაბიანი სამხედრო წვრთნების „კავკასია 2012"-ის დამთხვევა საქართველოში წინასაარჩევნო პერიოდთან. მართლდება პროვოკაციების ზრდის შესაძლებლობის შესახებ ჩვენი ვარაუდებიც“ - აღნიშნულია განცხადებაში.
სამინისტრო სასწრაფოდ მიაწვდის ინფორმაციას საერთაშორისო ორგანიზაციებს და საქართველოს უცხოელ პარტნიორებს რუსეთის საოკუპაციო ჯარების მიერ განხორციელებულ ღონისძიებებზე, რათა მათ ოფიციალურ მოსკოვს აუწყონ ამგვარი ქმედებების დაუშვებლობის შესახებ.

















