პარტიის „პროგრესი და თავისუფლება" ლიდერი კახა ოქრიაშვილი არჩილ თალაკვაძის
განცხადებას ეხმაურება:
„ვეხმაურები არჩილ თალაკვაძის განცხადებას, რომელმაც განაცხადა, რომ „ოცნება" ხელს აწერს ბატონი დანიელსონის დოკუმენტს და მზად არის, აამოქმედოს ე.წ. მხარდაჭერის 40%-იანი პრინციპი, მომავალ ადგილობრივ არჩევნებზე, რომელმაც თითქოს 2020 წლის საპარლამენტო არჩევნების ლეგიტიმაცია უნდა მოახდინოს.
საიდან მოვიდა ეს 40 %? ალბათ იმიტომ, რომ სწორედ 38-40 % მიიღო „ქართულმა ოცნებამ" 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებში და გამოვთქვამ სერიოზულ ეჭვს, რომ დანარჩენი პროცენტები უბრალოდ მიიწერეს. ამგვარი გარიგება რომც შემოგვთავაზონ, ლოგიკა ითხოვს იმის ახსნას, რას ეფუძნება შემოთავაზებული რიცხვი. ეს რიცხვი უნდა იყოს ან 48 %, რომელიც, როგორც შედეგი, 2020 წლის არჩევნებზე აჩვენეს, ან 60 %, რადგან 150 დეპუტატიდან მათ 90 მანდატი, ანუ სრული შემადგენლობის 60 % „მოიპოვეს".
ოპოზიციის მოთხოვნა უცვლელია - ჩვენ ვითხოვთ ახალ საპარლამენტო არჩევნებს და ამისთვის, ადგილობრივ არჩევნებთან ერთად, უნდა ჩატარდეს პლებისციტი, დამატებითი ბიულეტენით და ერთი კითხვით - სურს თუ არა ჩვენს მოსახლეობას ახალი საპარლამენტო არჩევნების ჩატარება"- აცხადებს ოქრიაშვილი.