საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი მიიჩნევს, რომ თბილისის იუსტიციის სახლი ახალ საქართველოს განასახიერებს.
როგორც მიხეილ სააკაშვილმა იუსტიციის სახლის გახსნის ცერემონიაზე განაცხადა, იმ ხალხის უმეტესობას, რომელიც იუსტიციის სახლის მიმდებარე ტერიტორიაზე ცხოვრობს, ჯერ კიდევ ბევრი პრობლემა აქვს.
მისი თქმით, მოსახლეობას უმუშევრობა და არასაკმარისი ხელფასები აწუხებს. მათ დიდ ნაწილს არ აქვს სამედიცინო დაზღვევა.
„ისინი, როგორც ჩვენ ყველანი, ისურვებდნენ, რომ მათი შვილების განათლება უფრო მაღალი ხარისხის იყოს, ისურვებდნენ, რომ არ მოხდეს ისეთი საშინელებები, რაც ჩვენ ბოლო დღეებში ვიხილეთ. ეს ყველაფერი ვიცი, მაგრამ ეს შენობა თითოეული მათგანისთვის ასევე, იმედის შუქურაა“ - განაცხადა სააკაშვილმა.
მისი თქმით, იუსტიციის სახლს ვერანაირი პროვოკაციები, ვერანაირი სიბინძურე და მილიარდობით შემოდენილი ფული ვეღარ დაანგრევს და ვეღარ შეცვლის.
როგორც პრეზიდენტმა აღნიშნა, ამ დღეს დიდი ხანი ელოდებოდა, რადგან იუსტიციის სახლი მისი ოცნების სახლია.
„იმაზე უკეთეს სახლს, როგორიც იუსტიციის სახლია, ვერავინ აიშენებდა, რადგან ის ყველას სახლია“- აღნიშნა პრეზიდენტმა და დასძინა, რომ საქართველო აუცილებლად გაიმარჯვებს და წინ წავა.

















