პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი მიიჩნევს, რომ ციხეებში პატიმრების წამების ფაქტების ამსახველი ვიდეომასალის წინასაარჩევნოდ გავრცელება იმ გეგმის ნაწილია,
რაც ქართულ საერთაშორისო მაფიას საქართველოს წინააღმდეგ აქვს.
„კარგად ვიცით, ქართული საერთაშორისო მაფია როგორ ემზადებოდა ამ არჩევნებისთვის, რა გეგმები ჰოქნდათ მათ, რაც დღეს ვიხილეთ მათი გეგმების მხოლოდ მცირე ნაწილია“ - განაცხადა სააკაშვილმა დღეს თბილისში იუსტიციის სახლის გახსნისას.
მისი თქმით, ყველაფერი გაკეთდება იმისთვის, რომ მოსახლეობამ მიიღოს ინფორმაცია იმის შესახებ თუ რა შეთქმულებები და რა გეგმები არსებობს „საქართველოს რელსებიდან გადასაყვანად“.
„რაც დღეს ხდება არ არის იზოლირებული ფაქტები, რომელიც სადღაც იყო და არჩევნებისთვის შემთხვევით ამოტივტივდა. ვინც ეს შეუკვეთა, ვინც თვალი დახუჭა და ვინც რუსული კომპრომატების ომს აწარმოებს, არ შეიძლება თავისი დივიდენდები დაიწეროს“ - განაცხადა სააკაშვილმა.
მან რუსეთიდან მომდინარე საფრთხეზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ ის სირაქლემა არ არის და თავს ქვიშაში ვერ დამალავს, მაშინ როცა იცის, რომ საქართველოში დიდი რუსული ფულია შემოსული, რუსული მეთოდებით რუსული კომპრომატების ომი წარმოებს და საქართველოს საზღვრებთან რუსული არმია საშიშ მანევრებს ახორციელებს.
სააკაშვილი მიიჩნევს, რომ ციხეში წამების მასალა წინასაარჩევნოდ იმისთვის წამოწიეს, რომ მოსახლეობას არჩევნებზე „შოკის ქვეშ იმპულსური გადაწყვეტილება მიეღო“.
პრეზიდენტი დარწმუნებულია, ამ ფაქტების ამსახველი თუნდაც ერთი კადრი თავის დროზე რომ მიეწოდებინათ გიორგი ტუღუშისთვის, რომელიც მაშინ სახალხო დამცველი იყო ან რომელიმე „თავისი ტელევიზიით“ მაინც გაეშვათ, ერთ დღეში დასრულდებოდა ყველაფერი.
„ტუღუშუსთვის მაინც რომ მიეწოდებინათ, სისხლს გაგვიშრობდა და პირველივე ფაქტზე დაასრულებდა ყველაფერს“ - განაცხადა სააკაშვილმა.
მან მოსახლეობას არჩევნებზე სწორი არჩევანის გაკეთებისკენ მოუწოდა და კითხვით მიმართა - ვის უფრო ენდობით, რომ დაიცავს თქვენს უფლებებს გიორგი ტუღუში და ეკა ზღულაძე, თუ თამაზ თამაზაშვილი, რომელიც, პრეზიდენტის თქმით, ამ ფაქტების გარდა, კიდევ სხვა ბევრ კრიმინალთან არის კავშირში.

















