ნატო-საქართველოს საპარლამენტთაშორისო საბჭოს შეხვედრა დისტანციურ რეჟიმში
გაიმართა. ნატო-ს საპარლამენტო ასამბლეის ფორმატში აღნიშნული შეხვედრა პირველად შედგა მე-10 მოწვევის პარლამენტის უფლებამოსილების ცნობის შემდეგ. მას საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტი, აშშ-ის კონგრესმენი, ჯერი კონოლი უძღვებოდა.
მხარეებმა ისაუბრეს 2020 წლის საპარლამენტო არჩევნების შემდეგ ქვეყანაში შექმნილ პოლიტიკურ ვითარებაზე, საქართველოს რეგიონების ოკუპაციასა და მზარდ მილიტარიზაციაზე, რეგიონში, მათ შორის სამხერეთ კავკასიასა და შავ ზღვაზე უსაფრთხოების კუთხით არსებულ ვითარებაზე, უკრაინაში რუსეთის აგრესიული ქმედებების შედეგად განვითარებულ მოვლენებზე. განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო ნატო-სთან და ნატო-ს საპარლამენტო ასამბლეასთან საქართველოს თანამშრომლობის საკითხებს, საქართველოს ნატო-ში ინტეგრაციას და მნიშვნელოვან წვლილს ევროატლანტიკური სივრცის უსაფრთხოებაში.
ქართული დელეგაციის წევრება, როგორც მმართველი პარტიის, ასევე ოპოზიციის მხრიდან, ყურადღება გაამახვილეს ქვეყანაში მიმდინარე პოლიტიკური პროცესების დემოკრატიულ ჩარჩოებში გადაწყვეტის მნიშვნელობასა და აუცილებლობაზე, ქვეყნის წინაშე არსებული უსაფრთხოების გამოწვევების და განვითარების პრიორიტეტიბის გათვალისწინებით, ეროვნული ინტერესების ირგვლივ გაერთიანების საჭიროებაზე, საქართველოსთვის საერთაშორისო მხარდაჭერის გაზრდის და ალიანსში გაწევრების დაჩქარების აუცილებლობაზე.
ნატო-ს საპარლამენტო ასამბლეის ხელმძღვანელობამ კიდევ ერთხელ გამოხატა მტციკე მხარდაჭერა საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის, ქართული დემოკრატიის შემდგომი გაძლიერების და საქართველოს ევროატლანტიკური ინტეგრაციის მიმართ.
შეხვედრაში ნატო-ს საპარლამენტო ასამბლეაში საქართველოს პარლამენტის დელეგაციის წევრები, ირაკლი ბერაია, გიორგი ხელაშვილი, ვლადიმერ ჩაჩიბაია, ირაკლი ჩიქოვანი, ალექსანდრე ელისაშვლი და დავით ზილფიმიანი მონაწილეობდნენ.