საქართველოს წინაშე უსაფრთხოების კუთხით არსებული გამოწვევების დაძლევაზე საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ სერგი კაპანაძემ ეუთო-ს მუდმივი საბჭოს სხდომაზე ვენაში ისაუბრა.
საგარეო პოლიტიკური უწყების ცნობით, მინისტრის მოადგილემ განსაკუთრებული ყურადღება გაამახვილა ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებულ სიტუაციაზე, საქართველოს საზღვრებთან მიმდინარე მასშტაბურ სამხედრო წვრთნებზე. ასევე, ისაუბრა სამხრეთ კავკასიის რეგიონის უსაფრთხოების აქტუალურ საკითხებსა და რეგიონში უსაფრთხოების გაუარესების შესაძლო სცენარებზე.
სერგი კაპანაძემ თავის მოხსენებაში ხაზი გაუსვა საქართველოს მთელ ტერიტორიაზე ეუთო-ს ქმედითუნარიანი მისიის აღდგენის აუცილებლობას.
გარდა ამისა, მან აღნიშნა, რომ იძულებით ადგილნაცვალ მოქალაქეთა უფლებების დაცვის მიზნით ეუთო-მ და მისმა ინსტიტუტებმა ძალისხმევა უნდა გააქტიურონ
ქართული მხარე მიიჩნევს, რომ აუცილებელია ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებებში ეუთო-ს როლის გაძლიერება.
ეუთო-ში ვიზიტის ფარგლებში სერგი კაპანაძემ შეხვედრები გამართა ეუთო-ს გენერალურ მდივანთან ლამბერტო ძანიერთან, ეუთო-ს თავმჯდომარე ქვეყნის ირლანდიის ელჩთან ო'ლირისთან, ეუთო-ში აშშ-ს, საფრანგეთის, გერმანიისა და სხვა ქვეყნების ელჩებთან.

















