საქართველოში ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიამ დღეს განაცხადა, რომ ე.წ სამხრეთ ოსეთის ადმინისტრაციულ სასაზღვრო ხაზთან რუსეთის
შეიარაღებული ძალების ზრდა შენიშნა.
„მისიამ გამოხატა საკუთარი შეშფოთება ამგვარი ქმედების მიმართ რუსეთის სარდლობის შესაბამის სტრუქტურებთან“ - ამის შესახებ აღნიშნულია მისიის მიერ დღეს გავრცელებულ განცხადებაში.
ევროკავშირის სადამკვირვებლო მისია მოუწოდებს ყველა მხარეს თავი შეიკავონ ნებისმიერი ქმედებისგან, რამაც შესაძლოა, ადმინისტრაციული საზღვრის ორივე მხარეს ადგილობრივი მოსახლეობის უსაფრთხოების დესტაბილიზაცია გამოიწვიოს.
მისია ასევე აცხადებს, რომ ბოლო დღეებში კეთდება განცხადებები ადმინისტრაციულ საზღვარზე საქართველოს უსაფრთხოების ძალების განლაგების შესაძლო შეცვლის თაობაზე, თუმცა, მისიას ამგვარი განცხადებების გასამყარებლად რაიმე მტკიცებულება არ შეუნიშნავს. მიუხედავად ამისა, როგორც განცხადებაშია აღნიშნული, ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიამ პატრულირება გააძლიერა ადგილზე სიტუაციის აქტიური მონიტორინგის მიზნით.
ბოლო დღეებში ე.წ. სამხრეთ ოსეთის სეპარატისტული რეჟიმის წარმომადგენლები აცხადებენ, რომ ქართული მხარე ახალგორის მიმდებარე ტერიტორიაზე საფორტიფიკაციო ნაგებობებს აგებს და ადმინისტრაციულ საზღვრთან სამხედრო ძალებს ზრდის.

















