საქართველოს პრემიერ-მინისტრი ვანო მერაბიშვილი შინაგან საქმეთა მინისტრის მოვალეობის შემსრულებელს ეკა ზღულაძეს და სამინისტროს სხვა წარმომადგენლებს შეხვდა.
როგორც მთავრობის ვებ-გვერდზეა აღნიშნული, პრემიერ-მინისტრმა საპატრულო პოლიციის თანამშრომლებს იმ სამუშაოსთვის გადაუხადა მადლობა, რასაც ისინი სასჯელაღსრულების დაწესებულებებში ასრულებენ.
მან პენიტენციალურ სისტემაში ახალი კადრების აყვანასა და მათ გადამზადებაზე გაამახვილა ყურადღება.
ეკა ზღულაძის განცხადებით, საპატრულო პოლიციას საკმარისი რესურსი და რეზერვი აქვს, რათა სასჯელაღსრულების დაწესებულებებში შესვლის შემდეგაც ქვეყანაში საზოგადოებრივი წესრიგი უზრუნველყოს.
შეხვედრის დასასრულს, პრემიერ-მინისტრმა 1 ოქტომბერს თავისუფალი და სამართლიანი საპარლამენტო არჩევნების ჩატარების მნიშვნელობაზე ისაუბრა.
მისი განცხადებით, შსს-ს აქვს საკმარისი რესურსი და გამოცდილება, რომ ქვეყანაში წესრიგის დაცვა, როგორც არჩევნებამდე დარჩენილ პერიოდში, ასევე არჩევნების შემდეგაც უზრუნველყოს.

















