„ქართული ოცნების“ ახალგაზრდული ორგანიზაციის ერთ-ერთი ლიდერი ცოტნე ზურაბიანი აცხადებს,
რომ ორგანიზაცია არავითარ რადიკალურ საპროტესტო მოქმედებებს არ გეგმავს და პროტესტის მხოლოდ მშვიდობიან ფორმას ემხრობა.
როგორც ზურაბიანმა „ნიუსპრესს“ განუცხადა, ვრცელდება ინფორმაცია, რომ დაგეგმილია „ქართული ოცნების“ მაისურიანი ახალგაზრდების მიერ სიტუაციის რადიკალიზაცია, მათ შორის, მანქანების გადატრიალება, საპატრულო პოლიციის ავტომობილებზე წარწერების გაკეთება და ა.შ. „ოცნების“ ახალგაზრდა წარმომადგენელი აცხადებს, რომ მსგავსი ტიპის პროვოკაციები „ნაციონალური მოძრაობის“ ახალგაზრდული ორგანიზაციის აქტივისტების მხრიდანაა მოსალოდნელი და მისი მთავარი მიზანი სტუდენტური პროტესტის განეიტრალებაა.
„სტუდენტების მთავარი მოთხოვნაა, პასუხისგებაში მიეცეს ბაჩო ახალაია. „ნაციონალური მოძრაობის“ მომხრე სტუდენტები კი, მხოლოდ იმ პირების დასჯას ითხოვენ, რომელთაც დანაშაულის კონკრეტულ ფაქტებში ედებათ ბრალი. მინისტრის პასუხისმგებლობის საკითხს ისინი საერთოდ არ აყენებენ“-განაცხადა ზურაბიანმა და იქვე დააკონკრეტა, რომ საუბარია სტუდენტურ თვითმმართველობებზე, რომელიც „იგივე „ნაციონალური მოძრაობის“ ვაკის ახალგაზრდული ორგანიზაციაა“.
ზურაბიანი აცხადებს, რომ სიტუაციის რადიკალიზაციას კატეგორიულად გმობს და ყველა ახალგაზრდას სიმშვიდისკენ მოუწოდებს, თუმცა, სტუდენტურ პროტესტს მხარს უჭერს.
„დღეს ჩვენი მთავარი ამოცანა არჩევნებამდე მშვიდობიანად მისვლაა“-აღნიშნა მან და დასძინა, რომ მათი ყველა წევრი კატეგორიულადაა გაფრთხილებული, არავითარ რადიკალურ ღონისძიებებში არ ჩაერთოს.
ამასთან, ზურაბიანი განმარტავს, რომ დღეს „ქართული ოცნების“ ახალგაზრდული ორგანიზაცია საპროტესტო აქციას არ გეგმავს, ხოლო შეუერთდებიან თუ არა „ოცნების“ ახალგაზრდები სტუდენტურ პროტესტს, ამას ისინი ინდივიდუალურად გადაწყვეტენ.

















