„სახალხო კრება“ აცხადებს, რომ საზოგადოების მიერ ბოლო დღეებში ნანახი ძალადობის ავტორი,
იდეოლოგი და უმთავრესი დამნაშავე პრეზიდენტი სააკაშვილი და მისი გარემოცვაა, ამიტომ ყველა პოლიტიკურ ძალას მისი რეჟიმის წინააღმდეგ გაერთიანებისკენ მოუწოდებს.
როგორც „სახალხო კრების“ მიერ გამოქვეყნებულ განცხადებაშია აღნიშნული, ქვეყნის პენიტენციალურ სისტემაში ჩამოყალიბებული არანორმალური ვითარება - პატიმრების ცემა, წამება, ფსიქოლოგიური ზეწოლა, სექსუალური ძალადობა უკვე დიდი ხანია ცნობილია, თუმცა, საზოგადოების ადეკვატური აღშფოთება მხოლოდ ამ საზარელი ფაქტების დამამტკიცებელი ვიდეომასალის ხილვამ გამოიწვია.
კრება მიიჩნევს, რომ ყოველივე ამაში დამნაშავე ხელისუფლება აღნიშნული ფაქტების ერთეულ შემთხვევად გასაღებას ცდილობს, თუმცა, პენიტენციალურ სისტემაში ეს სიმახინჯე სწორედ სააკაშვილის რეჟიმის მიერ შექმნილი ძალადობის მანქანის ერთ-ერთი შემადგენელი ნაწილია.
„საქართველოს პრეზიდენტის აღშფოთება რომ თვალთმაქცობაა, ისიც ნათლად აჩვენებს, რომ დღეს პასუხისგებაში არ არიან მიცემული შინაგან საქმეთა მინისტრი ბაჩო ახალაია, პრემიერ-მინისტრი ვანო მერაბიშვილი, იუსტიციის მინისტრი ზურაბ ადეიშვილი, მთავარი პროკურორი მურთაზ ზოდელავა და სასჯელაღსრულების ექს-მინისტრები ხათუნა კალმახელიძე და დიმიტრი შაშკინი“-აღნიშნულია განცხადებაში.
„სახალხო კრება“ აცხადებს, რომ საქართველოში დემოკრატიული ცვლილებების და რეალურად დემოკრატიული და თავისუფალი არჩევნების მოპოვების ერთადერთი შესაძლებლობა არსებული რეჟიმის რეალური შეცვლაა. კრების განმარტებით, ის ამისთვის იბრძოდა 2011 წლის 26 მაისს, თუმცა, მაშინ ვერ გაიმარჯვა, რადგან საზოგადოებში მინიმალური სოლიდარობაც კი არ იყო გამოხატული.
„სახალხო კრება“ ყველას დაშვებული შეცდომის გამოსწორებისკენ მოუწოდებს და აცხადებს, რომ საზოგადოება დღეს ერთად უნდა დადგეს და ყველაფერი გააკეთოს არსებული რეჟიმის ხელისუფლებიდან მშვიდობიანად გასაშვებად.

















