„ოპოზიცია არ აღმოჩნდა მზად კომპრომისული ნაბიჯებისთვის, რაც ხელს შეუწყობდა შეთანხმებას, მათ წინა
პლანზე დააყენეს მხოლოდ ის თემები, რომელიც მათი პარტიებისთვის იყო მნიშვნელოვანი - რაც კონკრეტულად მათ პოლიტიკური დღის წესრიგია, დააყენეს უფრო მაღლა ვიდრე ქვეყნის და საზოგადოების ინტერესები და მოთხოვნა შეთანხმებაზე" ,- ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ საზოგადოებრივი მაუწყებლის პირდაპირ ეთერში განაცხადა.
არჩილ თალაკვაძემ ევროპული საბჭოს პრეზიდენტის წარმომადგენლის ფასილიტაციით გამართული მოლაპარაკებები შეაფასა. მისი თქმით, დამდგარი შედეგი აჩვენებს, თუ რა ხდება ოპოზიციის ბანაკში.
„წინა პერიოდში იყო ბევრი აზრთა სხვადასხვაობა თვითონ ოპოზიციის შიგნით, ლიდერებმა არაერთი განცხადება გააკეთეს, რაც იყო ნიშანდობლივი, მაგალითად, ორ კონკრეტულ განცხადებას გავიხსენებდი, სადაც ოპოზიციონერები მიუთითებდნენ შიგნით, მოლაპარაკებებში, კონკრეტულ მითითებებზე, რომელიც რამდენიმე ლიდერის მხრიდან და სააკაშვილის ფრთის მიერ იყო გაკეთებული, რომ მოლაპარაკება ნებისმიერ ფასად უნდა ჩაიშალოს და მეორე - მოდი, შევუთანხმდეთ ხელისუფლებას, ჩვენ აღარ შევასრულოთ პირობა და ხელისუფლებას მაინც მოუწევს პირობის შესრულება. ეს რომ სიმართლეა იმით მტკიცდება, რომ გასულ წელს, 8 მარტის შეთანხმებითაც ზუსტად ასე მოხდა - როდესაც ჩვენ მივაღწიეთ შეთანხმებას, ოპოზიციამ დადო პირობა, რომ მხარს დაუჭერდა იმ ფუნდამენტურ რეფორმებს, რაც ჩვენ გავაკეთეთ, რაც „ქართულმა ოცნებამ" განახორციელა, შემდეგ რაც მოხდა, ყველამ დავინახეთ - ოპოზიცია გავიდა პროცესიდან",- განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ.