„ეროვნულ-დემოკრატიული პარტია“ საქართველოს დიდ ქალაქებში პატიმრებისადმი სოლიდარობის აქციებს იწყებს.
როგორც დღეს პარტიის პოლიტიკურმა მდივანმა გოგა გოგნიაშვილმა პრესკონფერენციაზე განაცხადა, ედპ ხელისუფლებას სასჯელაღსრულებით დაწესებულებებში არსებულ უმძიმეს ფაქტებზე დიდი ხანია მიუთითებს და რეაგირებას ითხოვს.
„ჯერ კიდევ 12 აპრილს პარლამენტის ტრიბუნიდან ედპ-ს ერთ-ერთმა ლიდერმა გურამ ჩახვაძემ საპყრობილეებში არსებული მდგომარეობა და პატიმრებისადმი შეურაცხმყოფელი დამოკიდებულება ბოლშევიკურ რუსეთსა და ფაშისტური გერმანიის კონცლაგერებს შეადარა. ასეთი მიდგომა ადამიანის ფიზიკურ და სულიერ განადგურებას ისახავდა მიზნად“ - განაცხადა გოგნიაშვილმა.
მისივე თქმით, ედპ-ს მითითებები ხელისუფლებამ ყურად არ იყო და შედეგად მიიღო ის, რომ დღეს მთელი საზოგადოება პატიმართ წამების საშინელი კადრების ხილვის მოწმე გახდა.
მისივე განცხადებით, პასუხისმგებლობა არა მხოლოდ ერთ მინისტრზე, არამედ მთლიანად ხელისუფლებაზე ნაწილდება.
„პატიმრებისადმი მსგავსი დამოკიდებულება მათდამი არა მხოლოდ არაადამიანური დამოკიდებულება, არამედ ქართული სახელმწიფოს წინააღმდეგ მიმართული ქმედებაა“ - განაცხადა გოგა გოგნიაშვილმა.
გლდანის მე-8 საპყრობილის ადმინისტრაციის თანამშრომლების მიერ პატიმრის ფიზიკური შეურაცხყოფის ამსახველი კადრები თავდაპირველად საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრომ გაავრცელა.
ციხის თანამშრომლების მხრიდან პატიმრის წამების ამსახველი კადრები მოგვიანებით ტელეკომპანია „მაესტომ“ და „მე-9 არხმაც“ გაავრცელეს. „მე-9 არხს“ აღნიშნული ვიდეოჩანაწერი გლდანის მე-8 დაწესებულების ყოფილმა თანამშრომელმა ვლადიმერ ბედუკაძემ მიაწოდა.

















