ვიცე პრემიერ-მინისტრი, საგარეო საქმეთა მინისტრი დავით ზალკალიანი ევროკავშირის,
გაერო-სა და ეუთო-ს მხრიდან ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებების თანათავმჯდომარეებს შეხვდა.
სამინისტროს პრესსამსახურის ინფორმაციით, საგარეო საქმეთა მინისტრმა ვრცლად ისაუბრა რუსეთის მხრიდან გახშირებულ პროვოკაციებზე, რაც საფრთხეს უქმნის მშვიდობასა და სტაბილურობას მთელს რეგიონში და ზღუდავს ადგილობრივი მოსახლეობის ფუნდამენტურ უფლებებს. დავით ზალკალიანმა შეშფოთება გამოთქვა საოკუპაციო რეჟიმის პროვოკაციული გადაწყვეტილების გამო ზაზა გახელაძის უკანონო ტყვეობის 12 წელზე მეტი ვადით გახანგრძლივებასთან დაკავშირებით. ვიცე პრემიერ-მინისტრმა ჟენევის მოლაპარაკებების თანათავმჯდომარე საერთაშორისო ორგანიზაციებს სთხოვა, გააქტიურონ ძალისხმევა, რათა უზრუნველყონ ზაზა გახელაძის ისევე, როგორც ცხინვალსა და სოხუმში უკანონოდ დაკავებული საქართველოს სხვა მოქალაქეების დაუყოვნებლივ გათავისუფლება. მან ასევე მწვავედ დასვა საოკუპაციო ხაზის გასწვრივ მიმდინარე ე.წ. „ბორდერიზაციის" უკანონო პროცესი. შეხვედრაზე აქცენტი გაკეთდა ახალგორისა და გალის რაიონებში არსებულ რთულ ჰუმანიტარულ ვითარებაზე და ხაზი გაესვა ადგილობრივი მაცხოვრებლების თავისუფალი გადაადგილების უზრუნველყოფის აუცილებლობას. აღინიშნა, რომ 2019 წლის სექტემბრიდან ცხინვალის რეგიონის საოკუპაციო ხაზის ჩაკეტვამ სრულ იზოლაციაში მოაქცია რეგიონი, რაც ადგილზე ჰუმანიტარული კრიზისს იწვევს და საფრთხეში აგდებს ადამიანების სიცოცხლეს.
განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო რუსეთის მიერ საქართველოს განუყოფელი რეგიონების დე-ფაქტო ანექსიის პროცესის გააქტიურებას, მათ შორის, მოსკოვის მიერ ე.წ. „სამოკავშირეო სახელმწიფოს" საკითხის წამოწევას, სოხუმის საოკუპაციო რეჟიმთან ერთიანი სოციალურ-ეკონომიკური სივრცის შექმნის შესახებ „პროგრამის" დამტკიცებას.
მხარეებმა ისაუბრეს რუსეთის მიერ 2008 წლის 12 აგვისტოს ევროკავშირის შუამავლობით დადებული ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების შესრულების აუცილებლობაზე. ხაზი გაესვა ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებების ფარგლებში რუსეთის ოკუპაციით გამოწვეული უსაფრთხოებისა და ჰუმანიტარული პრობლემების გადაჭრის საჭიროებას. აღინიშნა გალში ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმების მუშაობის დაუყოვნებლივ, ყოველგვარი წინაპირობის გარეშე, აღდგენის აუცილებლობა.
შეხვედრაზე განსაკუთრებული აქცენტი ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილებაზე გაკეთდა, რომელმაც სამართლებრივად დაადგინა რუსეთის ფედერაციის, როგორც ეფექტური კონტროლის განმახორციელებელი სახელმწიფოს, პასუხისმგებლობა 2008 წლის აგვისტოს რუსეთ-საქართველოს ომის დროსა და ოკუპაციის შემდგომ პერიოდში საერთაშორისო სამართლის ნორმებისა და ადამიანის ფუნდამენტური უფლებების დარღვევებში. აღინიშნა, რომ სტრასბურგის სასამართლოს ისტორიული გადაწყვეტილება ახალ ეტაპს ქმნის დეოკუპაციისა და რუსეთ-საქართველოს კონფლიქტის მშვიდობიანი დარეგულირების პროცესში.
მინისტრის თქმით, ადგილზე გართულებული ვითარების ფონზე კიდევ უფრო მნიშვნელოვანია, რომ საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებთან დაკავშირებული საკითხები მუდმივად მაღალ დონეზე იდგას საერთაშორისო თანამეგობრობის დღის წესრიგში.
თავის მხრივ, თანათავმჯდომარეებმა აღნიშნეს, რომ ისინი გააგრძელებენ აქტიურ მუშაობას, რათა ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებების მორიგ რაუნდებზე შესაძლებელი გახდეს კონფლიქტის შედეგად დაზარალებული მოსახლეობის პრობლემების გადაჭრის გზების მოძიება.