აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთთან კონფლიქტების მოგვარება შესაძლებელია, თუ ხალხთა შორის ნდობა აღდგება და მათ ერთად ყოფნის სურვილი გაუჩნდებათ.
ამის შესახებ ბიზნესმენმა ბიძინა ივანიშვილმა სოციალური ქსელის "ფეისბუქის" საკუთარ გვერდზე განაცხადა, სადაც იგი მოქალაქეების კითხვებს პასუხობს.
მისი თქმით, უპირველეს ყოვლისა, პრობლემები საქართველოს დანარჩენ ტერიტორიაზე უნდა მოგვარდეს. ამით, აფხაზებთან და ოსებთან ურთიერთობების დალაგების პროცესი უფრო ბევრად დაჩქარდება.
"აფხაზეთში და სამხრეთ ოსეთში მცხოვრებ ხალხს საკუთარი აზრი, შეხედულებები, პრობლემები და იმედები აქვთ. როდესაც ადამიანს აძალებ იფიქროს და იმოქმედოს ისე, როგორც შენ გსურს, ის ყოველთვის ეცდება მოგერიდოს", - აღნიშნა ბიძინა ივანიშვილმა.

















