“შარლ მიშელის ინიციატივით გამართულ შეხვედრაზე განვიხილეთ ის საკითხები, რომლებიც ზოგადად
ოპოზიციური პარტიების მხრიდან არის განხილვის საგანი: - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა, საპატრიარქოში, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქთან გამართული შეხვედრის შემდეგ განაცხადა.
პრემიერ-მინისტრის განცხადებით, პირველი საკითხი შეეხებოდა ნიკანორ მელიას გათავისუფლებას.
„ჩემი პოზიცია იყო ის და მინდა საჯაროდ გავიმეორო, რომ ჩვენ, რა თქმა უნდა არ და ვერ ჩავერევით კანონის აღსრულებაში. ბატონ მელიას და მის ოჯახს, ან პარტიის წევრებს, აქვთ სრული შესაძლებლობა, რომ ნებისმიერ დროს, ნებისმიერ დღეს გადაიხადონ მოთხოვნილი გირაო და ბატონი მელია, თუ მათ ინტერესებში რეალურად შედის ამ ადამიანის ციხიდან გამოყვანა, მანამ, ვიდრე საქმეზე საბოლოო განაჩენი დადგება, ციხიდან გამოიყვანონ,"- განაცხადა პრემიერმა.
ირაკლი ღარიბაშვილის თქმით, მეორე საკითხი შეეხებოდა მმართველი გუნდის სრულ მზაობას საარჩევნო რეფორმის განხორციელების მიმართულებით, რა მიმართულებითაც კონკრეტული ნაბიჯები უკვე გადაიდგა.
როგორც პრემიერმა აღნიშნა, ეს მოიცავს ვრცელ, კომპლექსურ საკითხებს, რათა კიდევ უფრო გაუმჯობესდეს, კიდევ უფრო დაიხვეწოს საარჩევნო სისტემა და მათ შორის ეს ეხება როგორც ადგილობრივ არჩევნებს, ისე მომდევნო საპარლამენტო არჩევნებს.
„რაც შეეხება ვადამდელი არჩევნების საკითხს, ჩვენი პრინციპული პოზიცია ვადამდელ არჩევნებთან დაკავშირებით უცვლელია. ეს არის წითელი ხაზი და ეს არის საკითხი, რომელიც არ განიხილება. მე გუშინ ეს შეხვედრაზე დავაფიქსირე, რომ ქვეყანაში ვადამდელი არჩევნების მოთხოვნის არავითარი ლეგიტიმური საფუძველი არ არსებობს. პირადად მე და ჩვენი გუნდი ვმოქმედებთ მხოლოდ ქვეყნის და ხალხის ინტერესების შესაბამისად და არა რომელიმე კონკრეტული პარტიების პირადი ახირების, თუ ინტერესების შესაბამისად. ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი. თუ პარტიებს სურთ რეალური დიალოგის დაწყება, ჩვენ ამისთვის გავხსენით შესაბამისი ფორმატი და მზად ვართ, გავაგრძელოთ აღნიშნული ფორმატი. მე იქ მოვისმინე მონაწილეების საკმაოდ საღი და კონსტრუქციული მოსაზრებები. ეს მაძლევს ოპტიმიზმის საფუძველს, რომ ვივარაუდო, აღნიშნული დიალოგი ოპოზიციის კონსტრუქციულ ნაწილთან გაგრძელდება და დასრულდება წარმატებით, რაც ნიშნავს იმას, რომ ჩვენ უნდა შევძლოთ ერთიან პარლამენტში მუშაობა, რათა ქვეყანა დაუბრუნდეს ნორმალურ პოლიტიკურ ცხოვრებას", - განაცხადა პრემიერმა ირაკლი ღარიბაშვილმა.