ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეაში საქართველოს პარლამენტის მუდმივმოქმედმა
დელეგაციამ, მონაწილეობა მიიღო ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის ზამთრის სესიის ფარგლებში გამართულ დემოკრატიის, ადამიანის უფლებების და ჰუმანიტარული საკითხების გენერალურ კომიტეტის მუშაობაში, სადაც განხილვის ერთ-ერთი მთავარი თემა იყო კოვიდ პანდემიის გავლენა დემოკრატიაზე და არჩევნებზე.
შეხვედრისას განიხილეს საქართველოში, მონტენეგროში, აშშ-ში, ყაზახეთში და ყირგიზეთში ჩატარებული არჩევნების შესახებ ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის საარჩევნო სადამკვირვებლო მისიების ანგარიშები.
„31 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნები საქართველოში ჩატარდა თავისუფალ და კონკურენტულ გარემოში, სადაც ადამიანის ფუნდამენტური უფლებები იყო გათვალისწინებული. მისასალმებელია, რომ არჩევნები გაიმართა იმ კანონმდელობით, რომელზეც სრულიად ოპოზიციური სპექტრი იყო შეთანხმებული", განაცხადა საქართველოში ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის საარჩევნო სადამკვირვებლო მისიის ხელმძღვანელმა . სიტყვით გამოსვლისას იგი ასევე, მიესალმა ახალ საარჩევნო კანონმდებლობაში გენდერული ქვოტის შემოღებას. მომხსენებლის განცხადებითვე, ეუთო/ოდირს აქვს გარკვეული რეკომენდაციები, რომელთა შესრულებისთვისაც ისინი მზად არიან საქართველოს დაეხმარონ.
ანგარიშების წარდგენის შემდეგ, კომიტეტის სხდომაზე, დებატები გაიმართა, სადაც დამსწრე საზოგადოებას სიტყვით მიმართა საქართველოს პარლამენტის დელეგაციის ხელმძღვანელმა ნიკოლოზ სამხარაძემ. მან მადლობა გადაუხადა მომხსენებელს საქართველოში ჩატარებული არჩევნების პოზიტიურად შეფასებისთვის.
„საარჩევნო რეფორმასთან დაკავშირებით, საქართველოს პარლამენტში უკვე შექმნილია სამუშაო ჯგუფი, რომელიც წარმოდგენილ რეკომენდაციებს ამუშავებს, რის შემდგომაც, მარტში უკვე კანონპროექტის ინიცირება მოხდება. სამწუხაროა, რომ, ოპოზიციის ნაწილი დღემდე ბოიკოტს უცხადებს საპარლამენტო საქმიანობას, რაც ვნებს საქარველოში დემოკრატიულ პროცესს", - განაცხადა ნიკოლოზ სამხარაძემ.
დელეგაციის წევრმა, მაკა ბოჭორიშვილმა სხდომაზე, პოლიტიკაში ქალთა ჩართულობის მნიშვნელობაზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ საქართველოს საარჩევნო კანონმდებლობაში გენდერული კვოტების შემოღება დადებითად აისახება ამ პროცესში. მაკა ბოჭორიშვილმა, დელეგაციის სახელით, კიდევ ერთხელ, მადლობა გადაუხადა ეუთოს საპარლამენტო ასამბლეას, რომ კოვიდ პანდემიის მიუხედავად, ისინი ჩამოვიდნენ საქართველოში არჩევნების დასაკვირვებლად.