რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტმა, საზედამხედველო
საქმიანობის სამოქმედო გეგმის ფარგლებში, გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ერგნეთში გასვლითი სხდომა გამართა საოკუპაციო გამყოფი ხაზის მიმდებარე დასახლებებში არსებულ მდგომარეობასთან დაკავშირებით.
სხდომის დაწყებამდე, რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტის თავმჯდომარე სოზარ სუბარი, შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრი თეა ახვლედიანი, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის მოადგილე მზია გიორგობიანი, შიდა ქართლის სახელმწიფო რწმუნებული მამუკა საღარეიშვილი, რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე გიორგი ხოჯევანიშვილი, კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე ეკა სეფაშვილი, კომიტეტის წევრები, გორის მუნიციპალიტეტის მერი კონსტანტინე თავზარაშვილი, გორის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე დავით რაზმაძე სოფელ ერგნეთში, საოკუპაციო გამყოფ ხაზთან ადგილობრივ მოსახლეობას შეხვდნენ, გაეცნენ საოკუპაციო გამყოფი ხაზის მიმდებარე დასახლებებში არსებულ მდგომარეობას და უშუალოდ მოსახლეობისგან მოისმინეს ინფორმაცია მათი პრობლემების და საჭიროებების შესახებ და ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლებთან ერთად მოგვარების გზებზე იმსჯელეს.
საკანონმდებლო და აღმასრულებელი ხელისუფლების წარმომადგენლებმა სოფელ ერგნეთში დაათვალიერეს „2008 წლის აგვისტოს ომის მუზეუმი", რომელიც ადგილობრივების მიერ არის დაარსებული და ომს სასწაულად გადარჩენილი სახლის სარდაფშია გახსნილი. აქ თითოეული ექსპონატი 2008 წლის აგვისტოს ომის საშინელ კვალს ინახავს. სტუმრებს მუზეუმში მეგზურობა თავად მისი შექმნის ინიციატორმა ლია ჩლაჩიძემ გაუწია.
შემდეგ კომიტეტის სხდომაც სწორედ ამ მუზეუმში გაიმართა.
სოზარ სუბარის განცხადებით, საერთო სურვილი იყო, რომ რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტის პირველი გასვლითი სხდომა საოკუპაციო ხაზთან სწორედ საქართველოს პირველი დემოკრატიული რესპუბლიკის საბჭოთა ოკუპაციის 100 წლისთავთან დაკავშირებით გაემართათ.
„კომიტეტის პირველი გასვლითი სხდომაა და შემთხვევით არ შეგვირჩევია საოკუპაციო ხაზის მიმდებარე სოფელი, ამ შემთხვევაში ერგნეთი და თვითონ ადგილიც, სადაც სხდომა ტარდება. სიმბოლურია, რომ სხდომას ვატარებთ მუზეუმში, რომელიც შთამბეჭდავია თავისი შინაარსით და კიდევ უფრო შთამბეჭდავი ისაა, რომ ეს ძირითადად გაკეთებულია ადგილობრივი მოსახლეობის მიერ. მნიშვნელოვანია და სიმბოლურიც ის, რომ ოკუპაციის ხაზთან ჩვენი კომიტეტის სხდომის ჩატარება დავამთხვიეთ ასევე საბჭოთა ოკუპაციის 100 წლისთავს. ასი წლის მერეც ეს ოკუპაცია კვლავ გრძელდება და აუცილებლად დადგება დღე, როდესაც საქართველოს ტერიტორიული მთლიანობა აღდგება", - განაცხადა რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტის თავმჯდომარემ.
კომიტეტის სხდომაზე საქართველოს სახელმწიფო მინისტრმა შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში თეა ახვლედიანმა და საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის მოადგილემ მზია გიორგობიანმა წარმოადგინეს ანგარიში გამყოფი ხაზის მიმდებარე სოფლების მოსახლეობის წინაშე არსებულ საჭიროებებზე რეაგირებისთვის შექმნილი სამთავრობო კომისიის მუშაობის შედეგების თაობაზე. მათ ისაუბრეს იმ სოციალურ, ინფრასტრუქტურულ, კულტურულ თუ საგანმანათლებლო და ჯანდაცვის პროგრამებზე, რომლებსაც სახელმწიფო ახორციელებს იმისათვის, რომ გამყოფი ხაზის მიმდებარე სოფლების მოსახლეობას ოკუპაციით და ე. წ. „ბორდერიზაციით" მიყენებული მძიმე შედეგები, ზარალი და ასევე სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობა შეუმსუბუქოს. მათ საკანონმდებლო ორგანოს წევრებს ამომწურავი ინფორმაცია მიაწოდეს მოსახლეობის საჭიროებებისთვის დროებითი სამთავრობო კომისიის მიერ გაწეული საქმიანობისა და განხორციელებული პროექტების შესახებ.
„საუბედუროდ, 100 წლის შემდეგაც, ჩვენთვის არ არის უცხო საბჭოთა კავშირის ერთადერთი სამართალმემკვიდრის, რუსეთის ფედერაციის მიერ საერთაშორისო სამართლებრივი ფუნდამენტური ნორმების და პრინციპების დარღვევა, რისი მაგალითიც არის 2008 წლის აგვისტოს ომი, რის შემდეგაც ჩვენ დღემდე ვებრძვით ოკუპაციის მძიმე შედეგებს. საქართველოს მთავრობის განსაკუთრებული ზრუნვის საგანია გამყოფი ხაზის მიმდებარე სოფლებში მცხოვრები მოსახლეობის საჭიროებებზე რეაგირება. სწორედ ამისთვის მოქმედებს სამთავრობო კომისია, რომლის თავმჯდომარეა სახელმწიფო მინისტრის აპარატი, ხოლო მას ხელმძღვანელობს ინფრასტრუქტურის სამინისტრო", - განაცხადა თეა ახვლედიანმა.
სახელმწიფო მინისტრმა ყურადღება გაამახვილა ოკუპირებულ რეგიონებში უსაფრთხოების, ჰუმანიტარული და ადამიანის უფლებათა კუთხით არსებულ მძიმე მდგომარეობაზე, საოკუპაციო ხაზის გასწვრივ მავთულხლართებისა და სხვა ხელოვნური ბარიერების აღმართვაზე, თავისუფალ გადაადგილებაზე დაწესებულ მკაცრ შეზღუდვებსა და უკანონო დაკავებების ფაქტებზე. აღნიშნულ კონტექსტში სახელმწიფო მინისტრის მხრიდან ხაზგასმით აღინიშნა, რომ მსგავსი უკანონო ქმედებები უხეშად არღვევს საოკუპაციო ხაზის ორივე მხარეს მცხოვრები ადამიანების ფუნდამენტურ უფლებებს, რაც უარყოფითად აისახება მათ ყოველდღიურ ცხოვრებაზე, ეს კი განსაკუთრებით სავალალოა კოვიდ-19 პანდემიასთან დაკავშირებული გამოწვევების გათვალისწინებით.
მისი თქმით, სახელმწიფო მინისტრის აპარატი პასუხისმგებელია ორი ძირითადი მიმართულებით - შერიგება და ჩართულობა, რომელიც ოკუპირებულ რეგიონებთან მიმართებაში გულისხმობს ომით გაყოფილ საზოგადოებებს შორის შერიგებას დიალოგის და ნდობის აღდგენის გზით. ამ მიზნით ახორციელებენ სწორედ სამშვიდობო ინიციატივას „ნაბიჯი უკეთესი მომავლისაკენ" და არაერთ სხვა პროგრამასა და პროექტს.
სახელმწიფო მინისტრის აპარატი ამავდროულად პასუხისმგებელია სამოქალაქო თანასწორობის და ეთნიკურ უმცირესობათა ინტეგრაციის პოლიტიკაზე და თეა ახვლედიანმა ამ მიმართულებით განხორციელებულ საქმიანობაზეც ილაპარაკა.
რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის მოადგილემ მზია გიორგობიანმა თავის მხრივ სამინისტროს პრიორიტეტულ მიმართულებებზე და ამ კუთხით გამყოფი ხაზის მიმდებარე სოფლებში 2013 წლიდან დღემდე განხორციელებულ საქმიანობაზე ილაპარაკა.
„შევძელით, რომ მხოლოდ ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელების თვალსაზრისით, 2013 წლიდან დღემდე, მიმართული ყოფილიყო 160 მილიონ ლარზე მეტი. მხოლოდ 2020 წლის განმავლობაში შევძელით 71 მილიონ ლარზე მეტის ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელება. ჩვენი პრიორიტეტი კვლავ იქნება გზებისა და წყლის ინფრასტრუქტურის მოწესრიგება, განსაკუთრებული ყურადღება დაეთმობა საგანმანათლებლო ობიექტებს, რაც გულისხმობს როგორც ახალი სკოლებისა და საბავშვო ბაღების მშენებლობას, ასევე არსებული დაწესებულებების რეაბილიტაციას. გარდა ამისა, აქტიურად გავაგრძელებთ მუშაობას სხვადასხვა პროგრამების შემუშავებაზე, განსაკუთრებული ყურადღება დაეთმობა ადგილზე დაფინანსებას და დასაქმების ხელშეწყობას", - განაცხადა მინისტრის მოადგილემ.
მისი თქმით, ყოველი ახალი ინიციატივა ამიერიდან მიმართული იქნება ეკონომიკის გაძლიერებაზე, სახელმწიფო განსაკუთრებულ ყურადღებას გამოიჩენს იმისათვის, რომ გამყოფი ხაზის მიმდებარე დასახლებებში უფრო მეტი კომპანია შეიქმნას, მეტი დასაქმებული გაჩნდეს ადგილებზე.
რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის მოადგილემ მაღალმთიანი სტატუსის მქონე დასახლებების მხარდაჭერაზეც გაამახვილა ყურადღება და აღნიშნა, რომ მაღალმთიანი დასახლებების განვითარების მიზნით შექმნილ კანონში განხორციელებული ცვლილებიდან გამომდინარე, შარშან გამყოფი ხაზის მიმდებარე კიდევ 19 დასახლებას მიენიჭა მაღალმთიანი დასახლების სტატუსი. დღემდე ამ სტატუსის მატარებელი გამყოფი ხაზის მიმდებარე 116 დასახლებიდან 80 დასახლება იყო. მინისტრის მოადგილის განცხადებით, აღნიშნული ცვლილებებით, მაღალმთიანი დასახლების სტატუსის მინიჭების კრიტერიუმი გამყოფ ხაზთან მდებარე სოფლებისათვის გამარტივდა და ამიერიდან ამ კრიტერიუმით მთავარია, რომ დასახლება მდებარეობდეს სულ მცირე 800 მეტრის სიმაღლეზე. შესაბამისად, ამ 19 დასახლებაში რეგისტრირებულ 14 ათას ადამიანს შესაძლებლობა ეძლევა, ისარგებლოს მაღალმთიანი დასახლებების კანონით განსაზღვრული სიკეთეებით.
კომიტეტის სხდომის ერგნეთში გამართვის მნიშვნელობაზე გაამახვილა ყურადღება ამ რეგიონის მაჟორიტარმა დეპუტატმა, მხარის ყოფილმა სახელმწიფო რწმუნებულმა გიორგი ხოჯევანიშვილმა და მთავრობის წევრების წინაშე მოსახლეობის პრობლემები წამოჭრა. მისი თქმით, ერთ-ერთი მნიშვნელოვანი საკითხი, რომელიც საჭიროებს მუშაობას როგორც აღმასრულებელი, ისე საკანონმდებლო ორგანოს მხრიდან, დღევანდელი გადმოსახედიდან არის საოკუპაციო ხაზთან მცხოვრები სტუდენტების დაფინანსების საკითხი, რომელიც ადგილობრივებისათვის ერთობ მტკივნეულია და მან იმედი გამოთქვა, რომ შესაბამისი გადაწყვეტილება იქნება მიღებული. მისი თქმით, ასევე მწვავედ დგას პროფესიული განათლების საკითხი და საჭიროა ამ საკითხსაც მიექცეს ყურადღება, ვინაიდან ეს ხელს შეუწყობს პროფესიონალი მუშახელის დეფიციტის აღმოფხვრას და ადგილზე კადრების დამაგრებას.
როგორც გიორგი ხოჯევანიშვილმა აღნიშნა, მსგავსი შეხვედრები რეგიონებში, განსაკუთრებით გამყოფი ხაზის მიმდებარე დასახლებებში, მოსახლეობისათვის ერთობ მნიშვნელოვანია და იმედი გამოთქვა, რომ სხვადასხვა უწყებების ჩართულობით, შეხვედრები და შემდეგ შესაბამისი რეაგირება, კვლავაც არაერთხელ მოხდება.
შემდეგ სახელმწიფო მინისტრმა შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში და რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის მოადგილემ უპასუხეს კომიტეტის წევრების შეკითხვებს, რომლებიც სხვადასხვა საკითხს ეხებოდა, მათ შორის, შერიგების და ჩართულობის პოლიტიკას, სამოქალაქო თანასწორობის და ეთნიკური უმცირესობების ინტეგრაციის პოლიტიკას, სხვადასხვა ინფრასტრუქტურულ პროექტს, დასახლებების სასმელი და სარწყავი წყლით უზრუნველყოფას, გზების რეაბილიტაციას, საგრანტო პროგრამებს, ინტერნეტიზაციას და სხვა.
ერგნეთის მცხოვრებთა სახელით, ლია ჩლაჩიძემ კანონმდებლების და მთავრობის წევრების ყურადღება სოფლის სატკივარზე გაამახვილა. მისი თქმით, სოფლის მოსახლეობა სამედიცინო დახმარების გარეშეა დარჩენილი - აქ არის ყოველმხრივ აღჭურვილი ამბულატორია, მაგრამ სოფელს ექიმი არ ჰყავს და ხელისუფლებისაგან ამ პრობლემის მოგვარებას ითხოვენ.
კომიტეტის სხდომას, ქვეყნის საკანონმდებლო და აღმასრულებელი ხელისუფლების წარმომადგენლების გარდა, ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებიც ესწრებოდნენ.
როგორც შიდა ქართლის ახალ დანიშნულმა სახელმწიფო რწმუნებულმა მამუკა საღარეიშვილმა განაცხადა, მსგავსი გასვლითი შეხვედრები, როგორიც დღეს საპარლამენტო კომიტეტის ინიციატივით სოფელ ერგნეთში შედგა, რეგიონის მოსახლეობისათვის ნამდვილად მნიშვნელოვანია. „ასეთი თანამშრომლობით, მოსახლეობასთან აქტიური კომუნიკაციით, ერთად ბევრ კარგ საქმეს გავაკეთებთ", - განაცხადა სახელმწიფო რწმუნებულმა.
დასასრულ, კომიტეტმა წარმოდგენილი ანგარიშები ცნობად მიიღო.