სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების ახალ მინისტრად სახალხო დამცველის გიორგი ტუღუშის დანიშვნა, პოლიტოლოგ რამაზ საყვარელიძის
აზრით, პრეზიდენტის მხრიდან ნიჭერი სვლა იყო, თუმცა, პოლიტოლოგს ამ სვლის რეალურ მიზნებზე საუბარი დღეისთვის უჭირს.
საყვარელიძე მიიჩნევს, რომ გიორგი ტუღუშს საზოგადოებაში კარგი რეპუტაცია აქვს.
„მე ყოველთვის ვამბობდი, რომ სააკაშვილი ძალიან ნიჭიერი ადამიანია. მოულოდნელი სვლების გაკეთება პოლიტიკოსის ნიჭზე მიუთითებს. მან ეს ნიჭი ამ შემთხვევაშიც გამოავლინა“ - განაცხადა საყვარელიძემ.
მისი თქმით, ტუღუშის ამ პოსტზე დანიშვნა ისეთი სვლაა, რომელზე დავაც „ყოველ შემთხვევაში საწყის ეტაპზე, გაჭირდება“.
პოლიტოლოგი ვარაუდობს, რომ თუ სამომავლოდ აღმოჩნდა, რომ ახალი მინისტრი ხელ-ფეხ შეკრულია და რეალური პროცესები მას არ ემორჩილება, მაშინ საუბარი შეიძლება მხოლოდ PR სვლაზე. ხოლო თუ მას გადაეცემა ძალაუფლება მთელი სისრულით, საყვარელიძის თქმით, მაშინ რეფორმებზე შეიძლება საუბარი.
მიხეილ სააკაშვილმა დღეს ხათუნა კალმახელიძის შემცვლელად ომბუდსმენი გიორგი ტუღუში დაასახელა.
კალმახელიძემ პოსტი გუშინ დატოვა, მას შემდეგ, რაც ციხეებში პატიმრების წამებისა და მათზე სექსუალური ძალადობის შესახებ გავრცელებულმა ვიდეომასალამ სამოქალაქო პროტესტის ტალღა მთელი ქვეყნის მასშტაბით გამოწვია.

















