აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარემ რუსლან აბაშიძემ
აფხაზეთის მთავრობის წევრებთან ერთად 1921 წლის 25 თებერვალს საქართველოს დამოუკიდებლობისთვის ბრძოლაში დაღუპული იუნკერების მემორიალი გვირგვინით შეამკო და მათ ხსოვნას პატივი მიაგო.
„პატივი მინდა მივაგო 25 თებერვალს დაღუპულთა ხსოვნას, რომლებმაც საქართველოს სუვერენიტეტის დაცვას სიცოცხლე შესწირეს. 1921 წლის 25 თებერვალი უმძიმესი დღეა საქართველოს ისტორიაში. საბჭოთა ოკუპაციამ საქართველოს უზარმაზარი ზიანი მოუტანა. პირველივე დღეს საბჭოთა ოკუპაციას შეეწირა საუკეთესო ახალგაზრდები, საოკუპაციო რეჟიმმა პოლიტიკური ნიშნით სიცოცხლეს გამოასალმა ასეულათასობით საქართველოს მოქალაქე.
სამწუხაროდ, ოკუპაცია დღესაც გრძელდება. რუსეთის მიერ ოკუპირებული საქართველოს რეგიონები, აფხაზეთი და სამხრეთ ოსეთი ამის ნათელი მაგალითია. საბჭოთა პოლიტიკის მემკვიდრეობა დღესაც ყოველდღიური გამოწვევების წინაშე გვაყენებს. ძალიან ტრაგიკულია, რომ საოკუპაციო რეჟიმი ახორციელებს მუდმივ ძალადობას აფხაზეთში მცხოვრებ საზოგადოებაზე. ოკუპაციის პირობებში ძალიან დიდი საფრთხის ქვეშ დგას აფხაზური ეთნოსის კულტურის და ენის თვითმყოფადობა. გარდა ამისა, აფხაზეთში მიზანმიმართულად აყალბებენ ისტორიას და წერენ მას სხვადასხვა ინტერპრეტაციით, რაც მიზნად ისახავს ხელი შეუშალოს ქართველებსა და აფხაზებს შორის ნდობის აღდგენას და საქართველოს დეოკუპაციის პერსპექტივას. საბედნიეროდ, 1921 წლის 25 თებერვლისგან განსხვავებით, დღეს საქართველო საერთაშორისო სისტემის ნაწილია. ეს მოცემულობა ქმნის მეტ შესაძლებლობას, რომ საერთაშორისო პარტნიორების ჩართულობით, სამშვიდობო პოლიტიკის ფარგლებში ჩვენ შევძლოთ ჩვენი საზოგადოების გაერთიანება და დეოკუპაცია“- განაცხადა რუსლან აბაშიძემ.