საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი აცხადებს, რომ სასჯელაღსრულების ახალ მინისტრად სახალხო დამცველი გიორგი
ტუღუში მან შეგნებულად დანიშნა.
როგორც პრეზიდენტმა ახალი მინისტრის წარდგენისას აღნიშნა, გადაწყვეტილება იმის შესახებ, რომ მინისტრად გიორგი ტუღუში დაენიშნა, დღეს მიიღო, რაზეც ტუღუშმა თანხმობა უკვე განაცხადა.
მისივე თქმით, გადაწყვეტილებას რამდენიმე მოტივი ჰქონდა.
„პირველ რიგში იმ მოტივით, რომ ყველანი შეძრწუნებულები ვართ და ვგმობთ პატიმართა მიმართ განხორციელებულ წამების ფაქტებს. ეს იყო ერთ-ერთი ყველაზე მძიმე დღე ჩემი პრეზიდენტობის დროს, როცა მე საკუთარი თვალით ვიხილე ის, რაზეც გამოძიება უკვე მიმდინარეობდა, მაგრამ როგორც ჩანს, არასაკმარისი აღმოჩნდა“ - განაცხადა სააკაშვილმა.
მისივე თქმით, სასჯელაღსრულების სამინისტროში დანაშაულებრივი ქმედებების აღმოსაფხვრელად ძალიან რადიკალური ზომები მიიღეს. აღნიშნულ საქმეში ჩართული ყველა პირი დაპატიმრებულია და მათ სასჯელის მაღალი ზომა ემუქრებათ.
მისივე თქმით, სასჯელაღსრულების დეპარტამენტის მთლიანი რეორგანიზაცია გამოცხადდა, მაგრამ ამ ყველაფერს სათავეში კონკრეტული მინისტრი უნდა ჩაუდგეს.
„გიორგი ტუღუში მთელი ამ წლების განმავლობაში სასჯელაღსრულების სისტემის ყველაზე მკაცრი კრიტიკოსი იყო. მასთან ამ თემაზე შეხვედრები მქონდა. ის ძალიან მწვავედ აკრიტიკებდა სასჯელაღსრულების დეპარტამენტის თავმჯდომარეს, მინისტრსაც და ძალიან ბევრ ფაქტზე საუბრობდა“ - აღნიშნა სააკაშვილმა.
მისივე თქმით, სახალხო დამცველის კრიტიკის გარკვეული ნაწილი გაითვალისწინეს, მაგრამ სამწუხაროდ, რაღაცეები ყველას ერთად გამოეპარა.
„ამიტომ, დღეს მას, როგორც არსებული რეალობის ძალიან მკაცრ კრიტიკოსს ამ სისტემის ხელმძღვანელად ვნიშნავ და ამას შეგნებულად ვაკეთებ“ - განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა.
სასჯელაღსრულების ყოფილი მინისტრი ხათუნა კალმახელიძე თანამდებობიდან ოფიციალურად გუშინ გადადგა. ახალ მინისტრად კი, გიორგი ტუღუში პრეზიდენტმა რამდენიმე წუთის წინ წარადგინა.

















