პარლამენტის ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე
დიმიტრი ხუნდაძე საქართველოში იაპონიის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩ აკირა იმამურას შეხვდა.
პარლამენტის პრესსამსახურის ინფორმაციით, მხარეებმა საქართველოს საშინაო და საგარეო პოლიტიკის პრიორიტეტებზე ისაუბრეს. ყურადღება დაეთმო ქვეყანაში მიმდინარე პოლიტიკური პროცესებს და ქვეყნის წინაშე მდგარ გამოწვევებს. შეხვედრაზე მხარეებმა კონკრეტული შესაძლებლობები და თანამშრომლობის ახალი მიმართულებები განიხილეს.
„საქმიანი და საინტერესო შეხვედრა გაიმართა. ვისაუბრეთ გლობალურ გამოწვევებზე, ქვეყანაში არსებულ პოლიტიკურ ვითარებაზე. ბუნებრივია, განსაკუთრებული ყურადღება კოვიდ ინფექციას და მასთან ბრძოლის გზაზე ვაქცინაციის პროცესის სწორად მართვის საკითხებს დაეთმო. მნიშვნელოვანია, რომ იაპონიამ 200 მილიონი დოლარის ინვესტიცია განახორციელა კოვაქსპლატფორმაზე, საიდანაც ქვეყნებმა, მათ შორის, საქართველომაც უნდა მიიღოს დახმარება. იაპონიას ასევე აქვს დახმარების პროგრამის მეორე ხაზი, რომელიც სამედიცინო აღჭურვით დახმარებას ითვალისწინებს და ამ მიმართულებით რეგიონებში უკვე განახორციელეს კიდეც გარკვეული აქტივობები. ჩვენი თხოვნის საფუძველზე, ელჩმა მზადყოფნა გამოთქვა სამედიცინო აღჭურვილობით დაეხმარონ ახალგორის მიმდებარე საოკუპაციო ხაზთან არსებულ ქსოვრისის ამბულატორიის შენობას, რომლის მშენებლობა მუნიციპალიტეტმა უკვე დაასრულა.
ბუნებრივია, საუბარი პოლიტიკურ საკითხებს და ქვეყანაში პოლარიზაციის განმუხტვის მიზნით საერთაშორისო მხარდაჭერას, მხარეთა დაახლოების მიზნით მათ მიერ ფასილიტატორის ფუნქციის შესრულებას შეეხო. დიპლომატები რეალურად აფასებენ შექმნილ ვითარებას და აცხადებენ, რომ ქვეყანაში პოლიტიკური სტაბილურობა არის მნიშვნელოვანი და აუცილებელია, რომ სამართლებრივ სახელმწიფოში კანონის უზენაესობა იყოს დაცული. მან გამოთქვა იმედი, რომ პოზიცია და ოპოზიცია შეძლებს მოლაპარაკების მაგიდასთან დაბრუნებას და ყოველგვარი ულტიმატუმის გარეშ შეძლებენ საერთო კომპრომისის მოძებნას", - განაცხადა შეხვედრის შემდეგ დიმიტრი ხუნდაძემ.