ერთიანი ნაციონალური მოძრაობის თავჯდომარემ, ნიკა მელიამ გადაცემა
„მთავარ აქცენტებში“ ნიკა გვარამიასთან ოპოზიციის გეგმებზე ისაუბრა.
მისი თქმით, ის მართალია და ამიტომ, მისი დაკავება შეუძლებელია.
„სამართალთან კავშირი არ აქვს იმას, რაც ახლა ჩემს თავს ხდება. უბრალოდ ჩიხში აღმოჩნდნენ. საერთაშორისო საზოგადოება გვერდში დაუდგა ქართველ ხალხს, განცხადება განცხადებაზე კეთდება და ეს არაფერი არ არის, ზღვაში წვეთია იმასთან შედარებით, რაც იქნება უახლოეს პერიოდში. ამიტომ ან მშვიდად ცივილურად მოლაპარაკებისას შევთანხმდებით, რომ ახალი არჩევნები ჩატარდება, ან დიახაც, გამოვა ხალხი, საქართველო გამოვა რუსთაველის გამზირზე.
ზუსტად ვიცი, რომ ვარ ისტორიის ძალიან ძალიან სწორ მხარეს საქართველოს ასიათასობით მოქალაქესთან ერთად.
პარლამენტში არ შევედი თხოვნით შედიო და ციხეში რატომ შევიდე უდანაშაულო ადამიანი.
"ქართულ ოცნებას" აქვს შანსი ჯერ კიდევ მოვიდეს გონს, მაგრამ არ მჯერა იმიტომ, რომ ირაკლი ღარიბაშვილი ამიტომაც არის იქ სადაც არის.
ვინც გაბედავს აქ მოსვლას ის იქნება დამნაშავე ისტორიის წინაშე იმიტომ, რომ აქ მოსვლით ჩვენ რამდენიმე დღეში გავიმარჯვებთ. ისინი თუ აქ არ მოვლენ შანსი აქვთ, რომ რამდენიმე თვეში ნორმალურ ვითარებაში ჩანიშნონ არჩევნები. არჩევნების შედეგად წავიდნენ ოპოზიციაში“ - განაცხადა ნიკა მელიამ.