„საქართველოს კონსტიტუციის დღეს მოქმედი რედაქცია სწორედ პირველი რესპუბლიკის
კონსტიტუციის ისტორიულ-სამართლებრივ მემკვიდრეობას ეფუძნება და ქართული კონსტიტუციონალიზმის საუკუნოვან ტრადიციას აგრძელებს",- ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ საქართველოს პირველი კონსტიტუციის 100 წლის იუბილესადმი მიძღვნილ საზეიმო სხდომაზე განაცხადა.
არჩილ თალაკვაძემ საზეიმო სხდომა მისასალმებელი სიტყვით გახსნა და საზოგადოებას პირველი კონსტიტუციის 100 წლის იუბილე მიულოცა. მისი თქმით, ზუსტად 100 წლის წინ, 1921 წლის 21 თებერვალს, საბჭოთა ოკუპაციის საფრთხის ფონზე, საქართველოს დამფუძნებელმა კრებამ ქვეყნის პირველი კონსტიტუცია მიიღო.
„ზუსტად 100 წლის წინ, 1921 წლის 21 თებერვალს, საქართველოს დამფუძნებელმა კრებამ, საბჭოთა ოკუპაციის საფრთხის, თავდადებული ბრძოლებისა და ქვემეხების სროლის ფონზე მიიღო ქვეყნის პირველი კონსტიტუცია, რომელიც თავისი დროის ერთ-ერთ ყველაზე პროგრესულ იურიდიულ დოკუმენტად მიიჩნეოდა და ევროპის სამართლებრივ სივრცეში წარუშლელი კვალი დატოვა",- განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ. მისივე თქმით, საქართველოს კონსტიტუციის მოქმედი რედაქცია სწორედ პირველი რესპუბლიკის კონსტიტუციის ისტორიულ-სამართლებრივ მემკვიდრეობას ეფუძნება.
„ნიშანდობლივია, რომ საქართველოს კონსტიტუციის დღეს მოქმედი რედაქცია ქართული კონსტიტუციონალიზმის საუკუნოვან ტრადიციას აგრძელებს. იგი ადამიანის ღირსებისა და თავისუფლების დაცვას უზენაეს ღირებულებად აცხადებს, ხოლო ეროვნულ დამოუკიდებლობას − უმთავრეს მიზნად.
მჯერა, ქართული სახელმწიფოს დემოკრატიული განვითარების ამ მნიშვნელოვან ეტაპზე, როდესაც ევროკავშირში წევრობაზე განაცხადის შეტანისთვის ვემზადებით, საქართველოს კონსტიტუცია კვლავ დააკავშირებს ჩვენი ქვეყნის წარსულსა და მომავალს",- განაცხადა სიტყვით გამოსვლისას პარლამენტის თავმჯდომარემ.