"მე მთელი ოპტიმიზმით ვიტყოდი, რომ როგორც ჩანს განათდა "ქართული ოცნების" რიგ
წარმომადგენლებში, ამ შემთხვევაში ვგულისხმობ ბატონ გახარიას, რომელმაც როგორც ჩანს არ გადადგა მეორედ ნაბიჯი სისხლისღვრისკენ, რომლისკენაც ალბათ მოუწოდებდნენ საკუთარი გუნდის წევრები იმიტომ, რომ ბატონ გახარიას საკმარისი პოლიტიკური და არა მხოლოდ პოლიტიკური, ადამიანური ცოდვაც აქვს 20 ივნისთან დაკავშირებით და ბუნებრივია ამ ლაქას ის ვერასდროს ჩამოირეცხავს" - ამის შესახებ "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" ლიდერმა, ნიკა მელიამ გიორგი გახარიას გადადგომის შემდეგ განაცხადა.
მისივე შეფასებით გახარიამ პრაქტიკულად აღიარა, რომ სისხლისღვრა იგეგმებოდა.
"როგორც ჩანს და ძალადობა თავისუფალი ადამიანების თავისუფალ ნებაზე, რომლებიც ვართ ახლა წარმოდგენილი "ნაციონალური მოძრაობის" ოფისში და ეს არ გააკეთა გახარიამ, რა თქმა უნდა არის დასაფასებელი. მაგრამ ეს საქმეს არ უშველის, ახლა საქმეს უშველის სწრაფი მოქმედება და სწრაფი მოქმედებები უნდა იყოს ხორცშესხმული. ვითხოვთ სასწრაფოდ შეხვედრას საერთო ოპოზიციური მოძრაობა ჩვენი პარტნიორი ელჩების მონაწილეობით რეჟიმის წარმომადგენლებთან მხოლოდ და მხოლოდ ერთ საკითხთან დაკავშირებით, ახალ არჩევნებთან დაკავშირებით" - განაცხადა მელიამ.
ნიკა მელიას მიმართ, რომელსაც პარლამენტმა იმუნიტეტი მოუხსნა, თბილისის საქალაქო სასამართლომ პატიმრობის შეფარდების გადაწყვეტილება გამოიტანა.
ყოფილი პრემიერის, გიორგი გახარიას განცხადებით კი, მელიას დაპატიმრება არსებული გამოწვევების ფონზე არ არის მიზანშეწონილი და გუნდში არსებული უთანხმოების გამო, მან თანამდებობა დატოვა.