პარტია „ახალი მემარჯვენეების“ წარმომადგენლები ადამიანის უფლებათა ევროკომისარს საქართველოს სასჯელაღსრულების
სისტემაში მიმდინარე მოვლენებზე საერთაშორისო გამოძიების ჩატარების თხოვნით მიმართავენ.
როგორც დღეს „მემარჯვენეების“ ერთ-ერთმა ლიდერმა ფიქრია ჩიხრაძემ პრესკონფერენციაზე განაცხადა, პენიტენციურ სისტემაში არსებული ვითარების შესახებ გავრცელებული ვიდეომასალა, წინასაარჩევნო კამპანიას ჩვეული კალაპოტიდან აგდებს და საზოგადოების მთელ ყურადღებას ამ შემზარავი ფაქტებისადმი მიაპყრობს.
მისი თქმით, პარტიის თავმჯდომარე დავით გამყრელიძემ საზოგადოებას ქუთისიდან ოთხპუნქტიანი განცხადებით მიმართა.
„ოთხი პუნქტიდან ერთი - პენიტენციური სისტემის სრული საკადრო და სტრუქტურული რეორგანიზაციის შესახებ გუშინვე შესრულდა. ორი მოთხოვნის შესრულების მიმდინარეობას - დამნაშავეთა მთელი სიმკაცრით დასჯის შესახებ ყველანი ერთად ვადევნებთ თვალს“ - განაცხადა ჩიხრაძემ.
მისი თქმით, შემზარავი ფაქტები ერთჯერადი არაა და სავარაუდოდ, არც მხოლოდ გლდანის #8 საპყრობილეში ხდებოდა.
ჩიხრაძის განცხადებით, ყველას ახსოვს, თუ როგორ გაუქმდა სასჯელაღსრულების სისტემაში საზოგადოებრივი მონიტორინგის ჯგუფი; ეტაპობრივად როგორ შეიზღუდა ადვოკატების უფლებები და როგორ მიიჩქმალა ე.წ. „ციხის ბუნტი,“ რომელსაც სერიოზული მსხვერპლი მოჰყვა.
„საგამოძიებო კომისიიის შექმნის აუცილებლობაზე ისაუბრა საქართველოს პატრიარქმა. სანდო საზოგადოებრივი კომისიის შექმნის მოთხოვნით გამოვიდნენ არასამთავრობოები. ამ თემაზე საუბრობენ ხელისუფლების წარმომადგენლებიც, ოღონდ საპარლამენტო კომისიის მიმართულებით. მიგვაჩნია, რომ დღეს მოქმედი პარლამენტი ამას ვეღარ მოახერხებს და ნდობის თვალსაზრისითაც მიუღებელი იქნება“ - განაცხადა ფიქრია ჩიხრაძემ.
მისივე თქმით, „მემარჯვენეებს“ ამ ეტაპზე ყველაზე მნიშვნელოვნად, სასწრაფოდ და შედეგზე ორიენტირებულად მიაჩნია, რომ ევროსაბჭოს ადამიანის უფლებათა კომისარს მიმართოს, რათა მისი ეგიდით სასჯელაღსრულების სისტემაში პატიმართა სიკვდილიანობის და წამების ფაქტების საერთაშორისო გამოძიება დაიწყოს.
„შემზარავი ფაქტების მასშტაბიც და საზოგადოებაზე მისი ზემოქმედების მნიშვნელობა ითხოვს, რომ აღნიშნულ შემთხვევაში საერთაშორისო საგამოძიებო კომისია ჩაერთოს და საზოგადოებამ სრული და ამომწურავი ინფორმაცია მიიღოს“ - განაცხადა ჩიხრაძემ.
„მემარჯვენები“ ხელისუფლებას მიმართავენ, თუ მათი მობოდიშება გულწრფელია და თუ ისინი მართლა თვლიან, რომ სისტემური მარცხი მოხდა, მაშინ ყველაზე სწორი იქნება, ევროსაბჭოს აღნიშნული თხოვნით თავად ხელისუფლებამ მიმართოს.

















