სახელმწიფო ცერემონიების სასახლეში საქართველოს ვიცე- პრემიერის,საგარეო საქმეთა
მინისტრის დავით ზალკალიანის და ეუთოს მოქმედი თავმჯდომარის, შვედეთის სამეფოს საგარეო საქმეთა მინისტრის ან ლინდეს შეხვედრა გაიმართა.
საქართველოსა და შვედეთის პირველი დიპლომატების შეხვედრაზე განხილული იქნა ეუთო-ს თავმჯდომარე ქვეყანასთან საერთაშორისო თანამშრომლობის აქტუალური საკითხები და გამოითქვა საქართველოს სრული მზაობა ეუთოს სამივე განზომილების სფეროში შვედეთის თავმჯდომარეობასთან თანამშრომლობისთვის.
საგარეო უწყების ინფორმაციით, შეხვედრზე აღინიშნა, რომ რუსეთ-საქართველოს კონფლიქტის მოგვარების პროცესში აქტიური ჩართულობა შვედეთის თავმჯდომარეობის ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტია.
ასევე, ყურადღება გამახვილდა იმ სერიოზულ საფრთხეებზე, რომელსაც რუსეთის მიერ საქართველოს რეგიონების უკანონო ოკუპაცია ქმნის, არა მხოლოდ საქართველოსა და შავი ზღვის რეგიონისთვის, არამედ მთლიანად ევროპისთვის. საქართველოს ვიცე-პრემიერმა, საგარეო საქმეთა მინისტრმა შვედ კოლეგას დეტალური ინფორმაცია მიაწოდა რუსეთის მიერ საქართველოს აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონების უკანონო ოკუპაციისა და ფაქტობრივი ანექსიისკენ გადადგმული ნაბიჯების მძიმე შედეგების თაობაზე,ამ კონტექსტში ხაზი გაესვა რუსეთის მიერ დესტრუქციული და პროვოკაციული ქმედებების კიდევ უფრო გახშირებას, კერძოდ, ე.წ. „ბორდერიზაციის" პროცესების გააქტიურებას, საოკუპაციო ხაზის ხანგრძლივი დროით დაკეტვის გამო ადგილზე შექმნილ ჰუმანიტარულ კრიზისს, ადამიანის უფლებების მუდმივ ხელყოფას, უკანონო დაკავებებისა და გატაცებების გახშირებულ შემთხვევებს.
შეხვედრაზე განსაკუთრებული ყურადღება გამახვილდა საოკუპაციო ძალების მიერ, საქართველოს მოქალაქის, ზაზა გახელაძის დაჭრის, დაკავებისა და მისთვის პატიმრობის ვადის გახანგრძლივების უმძიმეს შემთხვევაზე. დავით ზალკალიანმა ხაზი გაუსვა საერთაშორისო თანამეგობრობის ქმედითი ძალისხმევის უდიდეს მნიშვნელობას ზაზა გახელაძის და საოკუპაციო ძალების მიერ ყველა უკანონოდ დაკავებული საქართველოს მოქალაქის დაუყოვნებლივი გათავისუფლების უზრუნველსაყოფად და მადლიერება გამოხატა შვედური მხარის მიერ გაწეული მხარდამჭერი ძალისხმევისთვის.
ხაზი ასევე გაესვა უპრეცედენტო, საერთაშორისო სამართლებრივ გამარჯვებას, რომელიც საქართველომ მოიპოვა რუსეთის წინააღმდეგ ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში და აღინიშნა ამ გადაწყვეტილების უდიდესი მნიშვნელობა, რომელიც რუსეთის მიერ საქართველოს ტერიტორიის უკანონო ოკუპაციისა და ადამიანის უფლებათა დარღვევაზე საერთაშორისო რეაგირებისათვის, მნიშვნელოვან სამართლებრივ ინსტრუმენტს წარმოადგენს.
დავით ზალკალიანისა და ან ლინდეს შეხვედრის ფარგლებში ყურადღება ასევე გამახვილდა რუსეთის მიერ ჰიბრიდული ომის ინსტრუმენტების გააქტიურების საკითხზე. ამ კონტექსტში ხაზი გაესვა საქართველოს სახელმწიფო სტრუქტურებისა და ლუგარის ლაბორატორიის წინააღმდეგ განხორციელებულ, მათ შორის, პანდემიის პირობებში კიდევ უფრო გააქტიურებულ კიბერშეტევებსა და დეზინფორმაციულ კამპანიას.
ორი ქვეყნის პირველი დიპლომატების შეხვედრისას ხაზი გაესვა კონფლიქტის მშვიდობიანი მოგვარების პოლიტიკის მიმართ საქართველოს მტკიცე ერთგულებას. დავით ზალკალიანმა მადლობა გადაუხადა შვედ კოლეგას აღნიშნულ პროცესში ჩართულობისთვის.
საქართველოში ვიზიტის ფარგლებში, შვედეთის პირველი დიპლომატი შეხვედრებს ასევე გამართავს საქართველოს პრეზიდენტთან სალომე ზურაბიშვილთან,საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარესთან არჩილ თალაკვაძესთან და საქართველოს პრემიერ-მინისტრთან გიორგი გახარიასთან.
ვიზიტის ფარგლებში, ან ლინდე ეწვევა საოკუპაციო ხაზთან მდებარე სოფელ ხურვალეთს.