არასამთავრობო ორგანიზაცია „დედათა კომიტეტი“ პატიმართა მიმართ განხორციელებული არაადამიანური მოპყრობის ფაქტებს გმობს.
როგორც „დედათა კომიტეტის“ თავმჯდომარემ ქეთევან ადამიამ დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე აღნიშნა, ხელისუფლების მითითებით, ციხეების ადმინისტრაციის თანამშრომლები პატიმართა მიმართ არაადამიანური მოპყრობის ფაქტებს მრავალი წელია ახორციელებენ.
მისი თქმით, კომიტეტი მსგავსი ქმედებების არსებობას ორი წლის განმავლობაში კონკრეტული ფაქტებით ახმაურებდა, მაგრამ საზოგადოების მხრიდან ადეკვატური რეაქცია არ ყოფილა.
„მხოლოდ კადრების გავრცელების შემდეგ გამოიღვიძა საზოგადოებამ. ამ უბედურებაში, ყველაზე მთავარი დამნაშავე ე.წ პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილია, რადგან მას რომ არ სცოდნოდა აღნიშნულის შესახებ, გამორიცხულია“ - განაცხადა ქეთევან ადამიამ.
ადამიას თქმით, კომიტეტის მთავარი მოთხოვნა ქართველების მრავალწლიანი ტანჯვისთვის ხელისუფლებაში თანამდებობის ყველა პირის დასჯაა.
მისივე თქმით, „დედათა კომიტეტი“ ასევე, საზოგადოებრივი მონიტორინგის ჩატარებას და კომისიაში პატიმართა დედების შეყვანას ითხოვს.
„გვაქვს უამრავი ინფორმაცია, დოკუმენტური მასალა, რომელზეც დღემდე არანაირი რეაგირება არ ხდებოდა. ჩვენ მომაკვდავი პატიმრები გვყავს, რომელთაც სასჯელაღსრულების კედლების დატოვება ეკუთვნით, მაგრამ არ ათავისუფლებენ“ - განაცხადა ადამიამ.
მისივე თქმით, 1 ოქტომბრის შემდეგ, ახალ პარლამენტს ფართომასშტაბიანი ამნისტიის შესახებ „დედათა კომიტეტის“ მიერ ინიცირებული კანონპროექტი წარედგინება.
ადამია განმარტავს, რომ ისინი მძიმე დანაშაულის ჩამდენი პირების გათავისუფლებას არ ითხოვენ, მაგრამ ყველა იმ პირს, ვისაც მსუბუქი დანაშაული აქვს ჩადენილი უპირობოდ გათავისუფლება, ხოლო მძიმე და განსაკუთრებით მძიმე დანაშულის ჩამდენ პირებს - სასჯელის განახევრება ეკუთვნით.
„დედათა კომიტეტის“ თავმჯდომარე მოუწოდებს საზოგადოებას, არ აყვეს არავითარ პროვოკაციას, მშვიდობიანად მივიდეს 1 ოქტომბრამდე და პროტესტი საარჩევნო ყუთებთან სწორი არჩევანის გაკეთებით გამოხატოს.

















