პრემიერ-მინისტრმა წარმადგინა რეგიონალური პოლიტიკის და მართვის სამსახურის
ხელმძღვანელის პოზიციაზე, მინდა მადლობა გადავუხადო მას გამოცხადებული ნდობისთვის, - ამის შესახებ მთავრობის ადმინისტრაციის რეგიონული პოლიტიკისა და კოორდინაციის სამსახურის ახალმა ხელმძღვანელმა კონსტანტინე ანანიაშვილი, მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.
კონსტანტინე ანანიაშვილმა ხაზი გაუსვა, რომ ის მზად არის, გუბერნატორებთან ერთად, რეგიონებში იმუშაოს ყველა იმ გამოწვევაზე, რაც იქნება დღის წესრიგში, როგორც პანდემიის, ასევე სხვა მიმართულებით.
„აქტიურად ვიმუშაო რეგიონებში გუბერნატორებთან და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან, რათა ერთობლივად, როგორც ინფრასტრუქტურული პროექტების, ასევე სოციალური მიმართულებით ვიმუშაოთ აქტიურად, ყოველდღიურ რეჟიმში. აქვე, მადლობა მინდა გადავუხადო შინაგან საქმეთა მინისტრს. ჩემთვის პატივი იყო, ვახტანგ გომელაურთან ერთად მუშაობა. ასევე, მადლობა მინდა გადავუხადო ყველა იმ პოლიციელს, რომლებთანაც მრავალი წელი მომიწია მუშაობა.
ასევე, წარმოდგენილია 4 ახალი გუბერნატორი, რომლებიც წარსდგებიან მედიის წინაშე და გააკეთებენ შესაბამის კომენტარებს. მინდა მედიასთან დაკავშირებით განვაცხადო, რომ მე, ყოველთვის, ჩემი მუშაობის პერიოდში, რა პოზიციაზეც მიმუშავია, ყოველთვის მქონდა საჯარო, მეგობრული დამოკიდებულება მედიასთან და დარწმუნებული ვარ, რომ ჩვენი ურთიერთობა იქნება გახსნილი და კომუნიკაბელური.
ჩვენი ძირითადი საქმიანობა იქნება რეგიონებში ყველა ის პრობლემა, რაც დღეს, ჩვენი მოსახლეობის წინაშეა. ეს ეხება, როგორც ინფრასტრუქტურულ პროექტებს, ასევე სოციალური მიმართულებით. მე, ბოლო 5 წლის განმავლობაში მომიწია რეგიონებში მუშაობა სამსახურებრივად და ჩემთვის კარგად ნაცნობია ყველა ის გამოწვევა და პრობლემა, რაც აწუხებთ, როგორც სოფლად, ასევე ქალაქად რეგიონებში", - აღნიშნა კონსტანტინე ანაიაშვილმა.