პოლიტიკური პარტია "ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს" თავმჯდომარის,
ირაკლი კობახიძის თქმით, პარლამენტში ოპოზიციური პარტიების შესვლის პროცესი გაგრძელდება და მის ფარგლებში გაირკვევა რომელ პარტიას აქვს დამოუკიდებლად მუშაობის რესურსი. ამის შესახებ „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ „იმედის კვირასთან“ ექსკლუზიურ ინტერვიუში ისაუბრა. მან საარჩევნო სისტემის რეფორმის მემორანდუმზეც გაამახვილა ყურადღება, რომლის მიხედვით, საარჩევნო კომისიაში ადგილებს მხოლოდ ის პარტიები მიიღებენ, რომლის წევრებიც საპარლამენტო მანდატით სარგებლობენ. შესაბამისად, ბოიკოტის რეჟიმში მყოფი პარტიები ამ პრივილეგიით ვერ ისარგებლენ.
„ისინი დღეს გამოუვალ, ერთგვარ ჩიხურ მდგომარეობაში არიან, რომელშიც თვითონვე ჩაიყენეს თავი. მათთვის შესვლა არის მძიმე, იმიტომ, რომ საუბრობდნენ არარსებულ გაყალბებაზე და ჩვენ დავამტკიცეთ, რომ გაყალბებაზე საუბარი იყო თავისთავად სიყალბე. არშესვლა მათთვის კიდევ უფრო მძიმეა, გამომდინარე იქიდან, რომ ამით ისინი გადასული არიან უკვე თვითგანადგურების რეჟიმზე, რაც კარგია დემოკრატიული სისტემის განვითარებისთვის. რაც ნაკლები რადიკალური პარტია იქნება პოლიტიკურ სისტემაში წარმოდგენილი, მით უკეთესი ჩვენი დემოკრატიული სისტემისთვის“, - განაცხადა კობახიძემ.