ჩვენთვის კრიტიკულად და პრინციპულად მნიშვნელოვანია, რომ მოხდეს საერთაშორისო
საზოგადოების მაქსიმალური ყურადღების მობილიზება ზაზა გახელაძის საკითხთან დაკავშრებით, - ამის შესახებ მთავრობის ადმინისტრაციის უფროსმა, კახა ქემოკლიძემ, პრემიერ-მინისტრ გიორგი გახარიას, აშშ-სა და ევროკავშირის ელჩებს შორის გამართული შეხვედრის შემდეგ განაცხადა.
როგორც მთავრობის ადმინისტრაციის უფროსმა აღნიშნა, საერთაშორისო წარმომადგენლებისა და სახელმწიფო აპარატის კოორდინირებული მოქმედებების გარეშე რთული იქნება ამ პრობლემის გადაწყვეტა.
„დღეს პრემიერ-მინისტრმა გახარიამ გამართა შეხვედრა სტრატეგიულ მოკავშირეებთან - ამერიკის შეერთებული შტატების ელჩთან, ქალბატონ დეგნანთან და ევროკავშირის მისიის ხელმძღვანელთან, ბატონ ჰარცელთან. დღევანდელი შეხვედრის მთავარი განხილვის საგანი იყო საქართველოს მოქალაქის, გახელაძის, დე-ფაქტო ცხინვალის მიერ უკანონო პატიმრობაში ყოფნა. ეს არის ძალიან სერიოზული საკითხი, რომელსაც პრემიერ-მინისტრის ოფისი აქტიურად აკვირდება და სწავლობს პრემიერმა თავად მიაწოდა დეტალური ინფორმაცია პატივცემულ ელჩებს. ჩვენთვის კრიტიკულად და პრინციპულად მნიშვნელოვანია, რომ მოხდეს საერთაშორისო საზოგადოების მაქსიმალური ყურადღების მობილიზება ამ თემასთან დაკავშრებით. საერთაშორისო წარმომადგენლების, ისევე, როგორც მთლიანად, სახელმწიფო აპარატის კოორდინირებული მოქმედებების გარეშე რთული იქნება ამ პრობლემის დაძლევა. ჩვენ, პრემიერ-მინისტრის ოფისი აქტიურად ვმუშაობთ და გავაგრძელებთ აქტიურ ღონისძიებებს ამ მიმართულებით", - განაცხადა კახა ქემოკლიძემ.