საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი გახარია, უნგრეთის საგანგებო და სრულუფლებიან
ელჩს საქართველოში, ვიქტორია ჰორვატს შეხვდა.
პრემიერის პრესსამსახურის ინფორმაციით, შეხვედრაზე ორ ქვეყანას შორის არსებული ურთიერთობები განიხილეს. ხაზი გაესვა ეკონომიკური თანამშრომლობის საკითხს და აღინიშნა, რომ გლობალურ ეკონომიკურ მაჩვენებლებზე პანდემიის უარყოფითი გავლენის მიუხედავად, ქვეყნებს შორის სავაჭრო ურთიერთობები სტაბილურია.
პრემიერმა აღნიშნა, რომ საქართველო განაგრძობს პოლიტიკურ და ეკონომიკურ რეფორმებს, რათა ქვეყანა მზად იყოს 2024 წელს, ევროკავშირში სრულფასოვანი წევრობის შესახებ განაცხადის გასაკეთებლად და ამ პროცესში საერთაშორისო პარტნიორების მხარდაჭერის იმედი აქვს.
ყურადღება გამახვილდა პანდემიასთან ბრძოლის პროცესში ერთობლივი ძალისხმევის მნიშვნელობაზე. გიორგი გახარიამ აღნიშნა, რომ COVAX-პლატფორმის გარდა, საქართველოს მთავრობა განაგრძობს ინტენსიურ ორმხრივ მოლაპარაკებებს საერთაშორისო პარტნიორებსა და მეგობარ სახელმწიფოებთან, რათა ვაქცინის დამატებითი დოზები ქვეყანამ რაც შეიძლება მალე მიიღოს და ვაქცინაზე წვდომის ხელშეწყობის მხრივ პარტნიორების მხარდაჭერას დიდი მნიშვნელობა ენიჭება.
ყურადღება გამახვილდა არსებული შეზღუდვების ეტაპობრივ მოხსნასა და 1-ლი თებერვლიდან რეგულარული საერთაშორისო ფრენების განახლებაზე. აღინიშნა, რომ ავიაკომპანია Wizz Air-ის მიერ ფრენების განახლება მნიშვნელოვანი მოვლენა იქნება. ხაზი გაესვა, რომ გლობალური პანდემიის დაწყებამდე, Wizz Air-ი წარმატებით მუშაობდა საქართველოში მრავალი წლის განმავლობაში, რამაც ტურიზმთან ერთად, ხელი შეუწყო ორმხრივი ბიზნესკავშირების განვითარებას.
უნგრეთის ელჩმა პრემიერ-მინისტრს საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის, ასევე ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის პროცესში უნგრეთის მხარდაჭერა დაუდასტურა.