ბრიტანეთში მცხოვრები ქართველი ემიგრანტები ხვალ ლონდონში საქართველოს საელჩოს წინ შეიკრიბებიან და საქართველოს ციხეებში პატიმრების წინააღმდეგ ძალადობისა და წამების ფაქტებს გააპროტესტებენ.
ამის შესახებ „ნიუსპრესს“ ემიგრანტებმა ლონდონიდან აცნობეს.
„ჩვენ ვიქნებით ბევრნი და დღევანდელ ხელისუფლებას ვაჩვენებთ ჩვენს გაბრაზებას. ვაჩვენებთ, რომ არასოდეს მივატოვებთ ჩვენს ძმებს გაჭირვებაში. ჩვენს ღირსებასთან ერთად ყოველთვის დავიცავთ მათ ღირსებას და ყველაფერს გავაკეთებთ, რომ საქართველოში ერთხელ და სამუდამოდ დამთავრდეს ადამიანების დაჩაგვრის, დამცირების, შეურაცხყოფის დრო“ - აცხადებენ ემიგრანტები.
მათი განცხადებით, ემიგრანტები ხვალინდელ აქციაში მონაწილეობისთვის ლონდონში სხვადასხვა რეგიონიდან ჩადიან.
ქართველი ემიგრანტები ლონდონში პარლამენტის შენობის წინ დღესაც შეიკრიბნენ.
18 სექტემბრს საღამოს ტელეეთერით პატიმრებზე ძალადობისა და წამების ამსახველი ვიდეომასალის გავრცელების შემდეგ საქართველოში საზოგადოებისა და პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლების საპროტესტო გამოსვლები დაიწყო.

















