ექსპერტი რამაზ საყვარელიძე მიიჩნევს, რომ სასჯელაღსრულების დაწესებულებებში ციხის ადმინისტრაციის ჩანაცვლება საპატრულო პოლიციის თანამშრომლებით პატიმართა წამების წინააღმდეგ ოპერატიული ნაბიჯია.
როგორც საყვარელიძემ „ნიუსპრესს“ პრეზიდენტის აღნიშნული გადაწყვეტილების კომენტირებისას განუცხადა, ეს ნაბიჯი მიმართულია იმისკენ, რომ სასჯელაღსრულების დაწესებულების თანამშრომლებმა, გავრცელებული კადრების გამო, პატიმრებზე შურისძიება არ გააგრძელონ.
„ეს პატიმრების წამების შეჩერებისთვის კარგი, ოპერატიული ნაბიჯია, თუმცა, არაფრით შეცვლის სისტემაში არსებულ ვითარებას. სისტემური ცვლილებებისთვის არათუ ეს, არამედ მინისტრის მოხსნაც არ არის საკმარისი და მგონი, პრემიერ-მინისტრის გადადგომაც არ ეყოფა“-აღნიშნა საყვარელიძემ.
პრეზიდენტის განკარგულებით, საქართველოში არსებულ ციხეებში დროებით საპატრულო პოლიციის თანამშრომლები შევიდნენ. ისინი ციხის ბადრაგს ჩაანაცვლებენ.
შესაბამისი დავალება მიხეილ სააკაშვილმა მთავრობის წევრებს დღეს გამართულ საგანგებო თათბირზე მისცა.

















