„ლეიბორისტული პარტიის“ თავმჯდომარე შალვა ნათელაშვილი გლდანის მერვე საპყრობილეში მომხდარ შემზარავ ფაქტებზე პასუხისმგებლობას საქართველოს პრეზიდენტს მიხეილ სააკაშვილსა და კოალიცია „ქართული ოცნების“ ლიდერს ბიძინა ივანიშვილს აკისრებს.
„ამ შემზარავ მოვლენებს ჰყავს ორი შემოქმედი - სააკაშვილი და ივანიშვილი. ეს არის მათი წინასაარჩევნო ავანტიურა”-აღნიშნა ნათელაშვილმა დღეს გამართულ საგანგებო ბრიფინგზე.
მისი თქმით, რაც გუშინ საზოგადოებამ იხილა, ამაზე „ლეიბორისტული პარტია“ დიდი ხანია საუბრობს.
„მთელმა ქვეყანამ იცის, რომ ციხეებში არის უსამართლობა, პატიმრების წამება, ცემა, შეურაცხყოფა, ზეწოლა. ჰააგის სასამართლომ ჩვენი სარჩელის საფუძველზე უკვე დაიწყო მასალების გამოძიება. სააკაშვილმა და ივანიშვილმა ერთად უნდა აგონ პასუხი მომხდარ საშინელებაზე. ივანიშვილმა დიდხანს დამალა ეს ფაქტები და მაშინ, როდესაც ჩემთან წააგო დებატები, გამოიტანა ეს სისაძაგლე, რათა საზოგადოების ყურადღება მთლიანად გადაეტანა სხვა მოვლენაზე”-აღნიშნა ნათელაშვილმა.
„ლეიბორისტული პარტიის“ ლიდერის განცხადებით, ხელისუფლებაში მისი მოსვლის შემდეგ გადაიხედება ყველა საქმე და ყველა დამნაშავე და მოძალადე პასუხისგებაში მიეცემა.

















